ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და საკუთარ დღის წესრიგს ატარებს, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ერთი ერთზე გვესაუბრა პირდაპირ ჩვენს კოლეგებთან და კიდევ ერთხელ აგვეხსნა, როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც დაესწრო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომას.
„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტებს ვესაუბროთ, მის ხელმძღვანელობას ვესაუბროთ, ვინაიდან სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და საკუთარ დღის წესრიგს ატარებს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ერთი ერთზე გვესაუბრა პირდაპირ ჩვენს კოლეგებთან, ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის, საბერძნეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ აგვეხსნა, როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას.
ძალიან მიხარია, რომ ორივე კოლეგასთან გვქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი. ჩვენ შევთანხმდით, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება ინტენსიური ყველა დონეზე, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელობის დონეზე, ისე კომიტეტებისა თუ მეგობრების ჯგუფის დონეზე და გვექნება ვიზიტები, გაცვლა და საუბარი ერთმანეთთან.
ასეთი შეხვედრები აჩვენებს ხოლმე, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი კიდევ ერთხელ, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით, მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, რომელიც რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.