ავტორი:

"რას გვიშლიან თვითმფრინავები? ღამით ისინი ციმციმით კვალს ტოვებენ... ეს ტრასები გაიხსნა 90-იანებში, მაშინ არ გაითვალისწინებს ობსერვატორიის მდებარეობა" - ასტრონომი

"რას გვიშლიან თვითმფრინავები? ღამით ისინი ციმციმით კვალს ტოვებენ... ეს ტრასები გაიხსნა 90-იანებში, მაშინ არ გაითვალისწინებს ობსერვატორიის მდებარეობა" - ასტრონომი

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აიკრძალა. ამის შესახებ „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 9 თებერვლის დადგენილებაშია საუბარი.

აღნიშნული დოკუმენტით ცვლილებები შევიდა 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში და ქვეყნის საფრენოსნო არეალი დაკორექტირდა.

  • ოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმანში ფრენების შეზღუდვის მიზეზი შემდეგია - "ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის“.

ამასთანავე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აკრძალულია 24/7-ზე, თუმცა მხოლოდ გამონაკლის უწყებებს აქვს მისი დარღვევის უფლება.

ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილი. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ საავიაციო ტრასები არიდებული იყოს ობსერვატორიებს, რადგან ატმოსფერო არ დაუბინძურონ.

"მეგობრებო, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ობსერვატორიის თავზე შეიზღუდა თვითმფრინავების ფრენა. ბუნებრივია ისმის ბევრი კითხვა. ეს ტრასები გაიხსნა 90-იან წლებში. მაშინ საქართველოს მთავრობიდან პირმა, რომელმაც არ გაითვალისწინა ობსერვატორიის მდებარეობა, გადასცა მარშრუტი და დაიწყო ფრენები. საერთაშორისო პრაქტიკით საავიაციო ტრასებს არიდებენ ობსერვატორიებს, რომ ატმოსფერო არ დაუბინძურონ. თავიდან დღეში 2-3 თვითმფრინავი იყო, ახლა შეიძლება დღეში 300-400 მა გადაიფრინოს.

ჩვენ, ასტრონომები, ბევრს ვწუწუნებდით, მაგრამ ძირითადად გვეუბნებოდნენ რომ ახლა ამ ტრასების შეცვლა შეუძლებელია და დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებულიო. რას გვიშლიან თვითმფრინავები? ღამით ისინი თავიანთი ციმციმით კვალს ტოვებენ ჩვენ გადაღებულ კადრებზე. თვითმფრინავების გამონაბოლქვი კვალი (დღისით თვალითაც კარგად ჩანს) ატმოსფეროში შეიძლება დარჩეს 3-4 საათის განმავლობაშიც კი.

ეს კიდევ აფუჭებს გამჭვირვალობას და ძნელდება სუსტ ობიექტებზე დაკვირვება. გამონაბოლქვი ცვლის მიკროკლიმატს და მატულობს ღრუბლიანობა. არის თუ არა აქ სხვა მიზეზებიც (ივანიშვილის სურვილი), არ ვიცი. მაგრამ ესეც რომ იყოს, ჩათვალეთ, რომ ასტრონომების და ივანიშვილის სურვილები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა" - წერს გიორგი ჯავახიშვილი.

რას ამბობს ეკონომიკის სამინისტრო?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განმარტა, რომ ამოქმედებული ცვლილებები ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხის დაცვას ემსახურება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.

თამარ იოსელიანის თქმით, ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინაც მიმართა თხოვნით და დასაბუთებით, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებდა ასტროკლიმატზე და დაკვირვების ხარისხზე.

„შესაბამისად, ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი. საჰაერო სივრცის სწორედ ამგვარი შეზღუდვა ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიო პრაქტიკაშიც და ჩვენ რაღაც ახალი ამ მიმართულებით არ შემოგვიღია", - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანის თქმით, საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები ფრენების ეფექტიანობასა და ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უსაფუძვლოა.

„არსებული შეზღუდული ზონა თავისი მასშტაბით ნამდვილად არ შეცვლის ფრენების ეფექტიანობას და უმნიშვნელო ფაქტორია საჰაერო მოძრაობის საერთო სურათისთვის. შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე, ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ცვლილებები დამუშავებულია საჰაერო მოძრაობის ორგანიზების შესაბამისი პროცედურების და ფრენის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან მის სრულ შესაბამისობას და გამტარუნარიანობის შენარჩუნებას", - აღნიშნა იოსელიანმა.