2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს. ცვლილებები დაგეგმილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომლის ავტორიც განათლების სამინისტროა.
„აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხ წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც 4-წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ასევე, 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება.
„კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინსტიტუციური აკრედიტაციის დაკარგვის/გაუვლელობის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება.
გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის ან წლის განმავლობაში)), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.
იმ პირობებში, როდესაც მსგავს შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია პრაქტიკა და პირებს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, უღიარდებათ მათ მიერ მიღებული განათლება, მიზანშეწონილია, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ასეთ პირებს საკუთარი უფლებების რეალიზაციისათვის არ დასჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა“, - აღნიშნულია კანონპროექტში.