გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომელთაც სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.
„ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პროცესია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს. ადამიანს აქვს უფლება, რომ შეიცვალოს აზრი. 2005 წელს რომ რაღაც ვთქვი, მთელი ცხოვრება იმის მძევალი უნდა ვიყო? მეც ბევრ რამეს ისე ვფიქრობდი და ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ადამიანი ვითარდება, ვითარებაც იცვლება და მოსაზრებებს და ტაქტიკას ცვლის. ამის წამოძახება რა უბედურებაა, სად ისწავლა ამ ხალხმა პოლიტიკა? თვითდაზიანებას იყენებენ, მეტს არაფერს არ შვრებიან. რაზე სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის აღებას? რა ფორმით აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თავზე ნაცარი დაიყაროს, ეს არის მიზანი? ამის დროა ახლა, ბოდიში იხადოს სალომე ზურაბიშვილმა? ბოდიშს რომ მოიხდის სალომე ზურაბიშვილი, ესენი ცხვირს აწევენ, ჩვენ რა მართლები ვიყავითო? სალომე ზურაბიშვილიც ამდენს უპოვის მათ ბიოგრაფიაში ისეთს, რომ წამოაძახებს და ეს უნდა ხელისუფლებას. ამათმა რაღაც განცხადება ნახეს, ახლა ის გახარიას რამე განცხადებას ნახავს 2013 წლისას ან 2014 წლისას და ასე გადის ცხოვრება. გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე. თუ რა ჰგონია გახარიას გუნდს? ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოვლენ? ყველას გათათხავენ, გალანძღავენ და თვითონ დარჩებიან?
თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, შენც ამბობ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, დღეს თქვენ გაქვთ შეხების წერტილი. 2025 წელს რომ უხსენებ და ბოდიში მომიხადეო, ფაქტობრივად ამ ხიდებს წვავ. ბოდიშ თუ გინდა მოისმინო, შეხვდი შე კაი ადამიანო, დაელაპარაკე და იქ შეიძლება მოგიხადოს ბოდიში, მაგრამ საჯარო ბოდიშს რომ ითხოვს, რა თამაშია ეს?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციას თუ არჩევნების მოპოვება
~სურს, ხალხთან უნდა იმუშაოს, რადგან ხელისუფლება ანგარიშს მხოლოდ ხალხის ძალას უწევს.
"თავისუფალ არჩევნებს რომ ითხოვენ, ფეხების ბაკუნით ხდება ეს? ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს მხოლოდ ძალას თუ ძალა დაუპირისპირდება ხალხის სახით, ხალხის კრიტიკული რაოდენობა თუ ამ აზრზე იქნება, ისინი უკან დაიხევენ. იმისათვის, რომ ხალხი ამ აზრზე დადგეს, ხალხთან მუშაობაა საჭირო. აბა, ჩერგოლეიშვილის ფეხების ბაკუნზე, რაც არ უნდა სიბრძნეები აფრქვიოს და სწორი ილაპარაკოს, პოლიტიკური პერსპექტივა როგორც ნულია, ისევ ნულად დარჩება სამომავლოთაც, თუ ხალხში არ გავიდნენ და ხალხის მხარდაჭერა არ მოიპოვეს. ძალა ხალხშია, მათში ძალა არ არის, უძალოები არიან. არ ექნებათ ხალხის პატივისცემა და მხარდაჭერა? მაშინ ისხდნენ ეთერებში, ილაპარაკონ და აფრქვიონ სიბრძნეები.
ივანიშვილი მილიარდერი იყო და მისი გამოსვლა სასახლიდან ხიფათთანაც იყო დაკავშირებული მაგრამ თუ გახსოვთ მთელი ქვეყანა შემოვიარეთ. ქვებსაც გვესროდნენ. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, მე რაც მეხებოდა - ზუგდიდში ერთ ერთი შეხვედრის წინ მომიტანეს ინფორმაცია სერიოზული წყაროდან, რომ რაღაც რაოდენობის ქილერები იყვნენ დაქირავებული და ბიძინა ივანიშვილის მოკვლას აპირებდნენ. მე წავედი ზუგდიდში. ბიძინა იყო შეკვეთილში. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი. ის მაინც ჩავიდა ზუგდიდში. ბიძინაზე რაც არ უნდა ვთქვათ, ფაქტია, მან იცოდა, რა იყო გასაკეთებელი. ჩავიდა ზუგდიდში უსაფრთხოების მაღალი დაცვით მაგრამ 100 პროცენტიანი გატანტია არ იყო არაფრის, მაგრამ მაინც ჩავიდა" - თქვა ხუხაშვილმა.