ბრაზილიაში მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით "ოპერაცია ფუფუნება“, სკანდალური დაკავებით დასრულდა. პოლიციამ 36 წლის ინფლუენსერი და სილამაზის დედოფალი, სარა მონტეირო დააკავა. მას ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულით მდიდრული ცხოვრების დაფინანსება ედება.
"წარმატებები ყველას, ვინც ჩემს განადგურებას ტყუილუბრალოდ ცდილობდა, მოუთმენლად ველოდები მოსავლის აღებას!“ - წერდა ის ინსტაგრამზე.
როგორც ჩანს, "მოსავალი" პოლიციის ხელბორკილები აღმოჩნდა. გამომძიებლების თქმით, მისი იახტები, Tomorrowland-ის ფესტივალზე ვიზიტები და ძვირადღირებული ავტომობილები სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქალის ოფიციალურ შემოსავლებთან.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივ სინდიკატს, რომელიც მარიხუანის ტრეფიკინგით იყო დაკავებული, სარას ქმარი ხელმძღვანელობდა.
მონტეირო ჯგუფის "ფინანსურ ბირთვში“ შედიოდა და შავი ფულის ლეგალიზაციას ფუფუნების საგნების ყიდვითა და მოგზაურობებით ახდენდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია 5.9 ტონა მარიხუანა და 20 მდიდრული ავტომობილი (მათ შორის Porsche და BMW).

ასევე დაფიქსირებულია 2.1 მილიონ დოლარზე მეტი საეჭვო გზავნილი, რომელთა წარმომავლობაც დაუსაბუთებელია. პოლიციის კომისარ რაფაელ ჰერერას განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფება სულ მცირე, წელიწად ნახევარია მოქმედებდა.

ამ დროისთვის დაკავებულია 24 პირი .გაყინულია დაახლოებით 9 მილიონი ფუნტის ღირებულების აქტივები.
სამართალდამცავები კვლავ ეძებენ სილამაზის დედოფლის მეუღლეს, რომელიც მიმალვაშია. სარა მონტეიროს, რომელიც "მის უბერლანდია 2025"-ის ტიტულის მფლობელია, ახლა ნარკო ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების მუხლით მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. მედიაში კი ახლა მას "მის მარიხუანას" უწოდებენ.