ავტორი:

"კრიმინალურ პოლიციაში მოძველბიჭო ადამიანები დამხვდნენ, პროცესზე კი გამოდიოდნენ შპარგალკიანი მოწმეები" - ვალერი თეთრაშვილი

"კრიმინალურ პოლიციაში მოძველბიჭო ადამიანები დამხვდნენ, პროცესზე კი გამოდიოდნენ შპარგალკიანი მოწმეები" - ვალერი თეთრაშვილი

პირველი პროცესი იყო ძალიან სასაცილო, იურიდიული განათლება საერთოდ არ იყო საჭირო გაეგო ადამიანს, რომ დამნაშავეები არ ვიყავით, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ვალერი თეთრაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

  • "სამართლებრივად ჩემმა ადვოკატმა ისაუბრა. მე აქციაზე არ გავსულვარ არანაირი ანტაგონისტური განწყობით. მინდოდა გავსულიყავი და საქართველოს ყველაზე პროგრესული საზოგადოების გვერდით დავმდგარიყავი. მე ვიყავი ნიღბის გარეშე, რადგან დასამალი არაფერი მქონდა, პოლიციელებისგან განსხვავებით.

საზოგადოებაში თავხედურად მოქცევას არ ვეთანხმები, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები. რაც მე გავაკეთე იქ, საერთოდ არ გაცილებია - მაქსიმუმ ადმინისტრაციული მუხლი იყო, სისხლის სამართლის ჩარჩოებში არ ჯდება. ჩემი ვიდეო ნანახი გაქვთ [მოსამართლეს]? ხალხი ისევ დგას ქუჩაში უაზრო კანონების გადამკიდე, რომელიც ისეთმა ხალხმა მიიღო, ვინც თავის თავს პოლიტიკოსებს ეძახიან. შარშანწინ არც მიფიქრია რომ რამეს ვაშავებდი, იმ ქაოსში ვინმეს დაზიანება რომ მდომებოდა, რამეს ვიზამდი და პროკურატურას უკეთეს მტკიცებულებას მოვატანინებდი.

გადავალ ახლა კრიმინალურ პოლიციაზე - მოძველბიჭო, აგრესიული ადამიანები - სამსახურში შემოვარდნენ, აზრზე რომ მოვედი, დამარეკინეთ-მეთქი და ისე ჩაიცინეს, მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო. ორთაჭალაში წამიყვანეს ცკპდ-ში, არნახული დაკითხვა მომიწყვეს, ბორკილები არ მოუხსნიათ, იქ რომ მუშაობ, გარკვეული დონის ინტელექტი მაინც მოგეთხოვება, ეს მათ ნული ჰქონდათ. კითხვა იყო, ფული ვინ გადაგიხადა აქციაზე რომ დადიხარო. "დავაი ახლა აქედანო“. გამიხარდა, თუ მიშვებთ-მეთქი, მაგრამ "დავაი, ოღონდ სახლში არა, ციხეშიო“. მეგონა, სასამართლოში მივალ და იქ მაინც მომისმენენ, იტყვიან, ეს ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდესო, მაგრამ პროკურორების 5 წუთიანი ბლუყუნის საფუძველზე, აქ ამოვყავით თავი. პირველი პროცესი იყო ძალიან სასაცილო, იურიდიული განათლება საერთოდ არ იყო საჭირო გაეგო ადამიანს, რომ დამნაშავეები არ ვიყავით.

მინდა ვახსენო მოწმეები. პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავი ტექსტებით იყვნენ და ჩვენს სასარგებლოდ საუბრობდნენ.

სასამართლოში კახეთის რომელიღაც განყოფილების უფროსი იყო მოსული, საშინლად მოუწესრიგებელი, მეგონა, რომ ნასვამი იყო, არა უფრო "გახეული“ მთვრალი, კითხვებზე პასუხის გაცემა კი არა, ფიცი ძლივს დაადებინა მოსამართლე გალუსტაშვილმა. რომელ ფიცს დადებთ, რელიგიურს, არარელიგიურს თუ სამოქალაქოსო და ამან - კიო. ეს დასდევს გარეთ დამნაშავეებს.

იყვნენ შპარგალკიანი ადამიანები, ვერ დაიმახსოვრეს, რა უნდა ეთქვათ პროცესზე. მთავარი ექსპონატი - ქართველი შერლოკ ჰოლმსი - ჩემი გამომძიებელი.

აშკარად პოლიტიკური რეპრესიები "შეიკერა“ სამართლიანობის სახით. იმ მოსამართლეებს არაფერი უკეთებიათ გარდა იმისა, რომ ამათი [პროკურორების] საზიზღარი ბრალდებებისთვის და შუამდგომლობებისთვის იურიდიული სახე მიეცათ“, - განაცხადა თეთრაშვილმა.

  • ცნობისთვის, მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.