ტრაგედიაა, როცა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ დამცინავ, ქედმაღლურ დამოკიდებულებას - ჰანს გენშერი, ალბათ, საფლავში ტრიალებს, თუ რას დაემსგავსა გერმანიის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.
"იმედია, გერმანელებს შერცხვებათ და ამის შემდეგ მაინც ჩაასწორებენ. რა უნდა ველაპარაკოთ? ლამის ორი წელია, ასეთი საქციელით თავს მასხრად იგდებენ. რა თქმა უნდა, ამ ფონზე გასაკვირი აღარ არის გერმანიის ელჩის ქცევა, რომელიც ზუსტად ამ ხასიათში ეწერება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლება ხუთ მილიონ ქართველს არ ცნობს. ხუთმილიონიანი საქართველო არაფერი ვართ, ადამიანებად არ გვთვლიან, ჩვენს არჩევანს არჩევანად არ თვლიან და ამ ყველაფერს როგორც უნდათ, ისე აკეთებენ. ლევან მახაშვილი დელეგაციას შეხვდა, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო და მისგან მცდელობა იყო, ეს ყველაფერი ტექნიკური საკითხებით აეხსნა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს დაგვცინიან, ვინც ცდილობს, რომ ეს ყველაფერი "აიტიშნიკს“ დააბრალოს. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის და გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 35-წლიან ისტორიაში დღეს ვხედავთ დამცინავ, ქედმაღლურ, ცხვირაწეულ დამოკიდებულებას გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ქართველებს, როგორც ადამიანებს, არ გვაღიარებენ, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს არჩევანს არ აღიარებენ. ეს ძალიან ბნელ ასოციაციებს იწვევს, როცა ჩვენ მთელი ერის არაფრად ჩაგდების პოლიტიკას ვხედავთ. ჩვენ ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით, გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას ისეთი ზიანი მიაყენა, რომ ამას წლები დასჭირდება, მართლაცდა, დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში. პირადად მე, მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანია ქართველების თვალში მეგობარი და გვერდში მდგომი იყო, დღეს, გერმანია ქედმაღლურად და ზემოდან მაყურებლის როლს ირგებს. ადამიანებად არ გვთვლიან, არადა გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლი გერმანიის წარსულის გათვალისწინებით იწყება სიტყვებით – ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. ჩვენს ღირსებას და უფლებას ეხებიან, რომ ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ. ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან ასეთი არასერიოზული და გერმანიისთვის შეუფერებელი ქცევით. ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, თუ რას დაემსგავსა გერმანიის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.