16 აპრილს, ფედერალურმა კომისიამ წინასწარ დაამტკიცა დონალდ ტრამპის გეგმა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში 76-მეტრიანი ტრიუმფალური თაღის მშენებლობის შესახებ, მიუხედავად საზოგადოებისა და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველი ორგანიზაციების უკიდურესად უარყოფითი რეაქციისა.
პროექტის კრიტიკოსები მას "ფულის ფუჭ ფლანგვას“, "უგემოვნობასა“ და "ზედმეტად გიგანტურს“ უწოდებენ.
თუ თაღი აშენდება, ის, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი ტრიუმფალური თაღი იქნება მსოფლიოში და ცალსახად გადააჭარბებს კაპიტოლიუმის შენობისა და ლინკოლნის მემორიალის სიმაღლეს.
მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ შვიდკაციანი კომისია, რომელმაც პროექტი დაამტკიცა, საგანგებოდ იყო შერჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ და მას სხვა გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ არ შეეძლო. კერძოდ, მის შემადგენლობაში შევიდა ტრამპის ოფისის 26 წლის თანამშრომელი.
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია მომავალი ნაგებობის "ლამაზი დიზაინი“.
"პრეზიდენტს სურს გააკეთოს ისეთი რამ, რასაც გულით გრძნობს, რომ სწორია“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ როდნი მიმს კუკ-უმცროსმა ხუთშაბათის მოსმენაზე და დასძინა, რომ ამ პროექტს "პრეზიდენტისთვის პირადი მნიშვნელობა აქვს“.
თეთრმა სახლმა ოქროს ელემენტებით გაფორმებული გიგანტური თაღის გეგმები, რომელმაც არაოფიციალური სახელწოდება - "ტრამპის თაღი“ მიიღო, გასულ კვირას წარადგინა.
თუ პროექტი საბოლოო დასტურს მიიღებს, თაღი ვაშინგტონის პანორამაში დომინანტური ნაგებობა გახდება, რომლის ცენტრალური ელემენტი იქნება მოოქროვილი ქანდაკება - თავისუფლების ქანდაკების მსგავსი, ჩირაღდნითა და გვირგვინით.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული ფონდის (NEH) ფინანსური გეგმის თანახმად, პროექტი ნაწილობრივ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა სახსრებით დაფინანსდება. ფონდი მასზე 2 მილიონ დოლარს სპეციალური სახსრების სახით გამოყოფს, ხოლო კიდევ 13 მილიონ დოლარს - თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ თაღის მშენებლობაზე ასევე მიიმართება მისი სხვა პროექტის - თეთრი სახლის ერთ-ერთ ფრთაში მდებარე საბანკეტო დარბაზის დაფინანსებიდან დარჩენილი თანხის ნაწილი.
სამშენებლო სამუშაოები თეთრ სახლში დაიწყო თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის ნაწილის დემონტაჟით, რომელიც 1902 წელს იყო აშენებული.

საბანკეტო დარბაზი და მიწისქვეშა კომპლექსი თეთრ სახლში, რომელიც ბუნკერსაც მოიცავს - დონალდ ტრამპის კიდევ ერთი სადავო პროექტია ვაშინგტონის იერსახის შესაცვლელად.
გუშინ მოსამართლე რიჩარდ ლეონმა შეაჩერა საბანკეტო დარბაზის პროექტის მიწისზედა ნაწილის მშენებლობა, თუმცა ნება დართო გაგრძელდეს მიწისქვეშა ბუნკერის შექმნის გეგმების რეალიზება. ლეონმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ პროექტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. მან დასძინა, რომ ტრამპი, როგორც ჩანს, ცდილობდა გვერდი აევლო წინა სასამართლო დადგენილებისთვის საბანკეტო დარბაზის გადაკლასიფიცირებით ობიექტად, რომელსაც "კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.
"ეროვნული უსაფრთხოება არ არის უსაზღვრო კარტ-ბლანში ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც სხვა შემთხვევაში უკანონოა“, - დაწერა მოსამართლემ.
იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი უკვე შეიტანა. ტრამპმა თავის მხრივ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბანკეტო დარბაზი "ახლავეა საჭირო“ და "არცერთ მოსამართლეს არ უნდა მიეცეს მისი შეჩერებისა უფლება".
ეს არ არის პირველი დაბრკოლება ტრამპის გეგმებისთვის. მარტის ბოლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა პროექტი იმის გამო, რომ მის დაწყებამდე არ იყო დაცული აუცილებელი პროცედურები.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თეთრი სახლის წინააღმდეგ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციის (National Trust for Historic Preservation) სარჩელს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თეთრმა სახლმა დაარღვია კანონი, როდესაც მშენებლობა დაიწყო გეგმების წარდგენის გარეშე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და კონგრესის თანხმობის გარეშე. ასევე ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპი არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც ფედერალურ საკუთრებაზე წესების დადგენის უფლებას კონგრესს ანიჭებს.
ხუთშაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ ორ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ პროექტი ბიუჯეტის ფარგლებში და გრაფიკზე წინსწრებით ხორციელდება. მან დაადანაშაულა მოსამართლე "მცდელობაში, ხელი შეუშალოს მომავალ პრეზიდენტებსა და მსოფლიო ლიდერებს, ჰქონდეთ უსაფრთხო და დაცული ადგილი მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის“.
მან ასევე განაცხადა, რომ პროექტის მიწისქვეშა ნაწილი, რომელსაც მანამდე მიწისქვეშა კომპლექსის "ფარდული“ უწოდა, "არ მუშაობს, არ არის საჭირო და ფაქტობრივად უსარგებლოა მიწისზედა ნაწილის გარეშე“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომპლექსი მოიცავს თავშესაფრებსა და სამედიცინო ობიექტებს, თუმცა პროექტის საერთო დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ეს ყველაფერი გაერთიანებულია ერთ დიდ, ძვირადღირებულ და უკიდურესად რთულ კომპლექსში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო ოპერაციებისთვის!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფრთა, რომელიც 1902 წელს აშენდა, ოქტომბერში დაანგრიეს, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ მრავალმილიონიანი საბანკეტო დარბაზის პროექტისთვის. მას შემდეგ თავდაპირველი გეგმა გაფართოვდა: 500 კაცზე გათვლილი დარბაზის ნაცვლად, ახლა იგეგმება სივრცე, რომელიც 1350 სტუმარს დაიტევს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პროექტის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად კერძო შემოწირულებებით დაფინანსდება.