ავტორი:

შეიარაღებულმა მძარცველებმა ბანკში 25 მძევალი აიყვანეს, შემდეგ კი შენობა საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით დატოვეს - რა მოხდა ნეაპოლში?

შეიარაღებულმა მძარცველებმა ბანკში 25 მძევალი აიყვანეს, შემდეგ კი შენობა საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით დატოვეს - რა მოხდა ნეაპოლში?

16 აპრილს, ნეაპოლში, შეიარაღებულმა პირებმა ბანკზე თავდასხმის დროს 25 ადამიანი აიყვანეს მძევლად, ორი საათის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან წინასწარ მომზადებული გვირაბის მეშვეობით მიიმალნენ.

სამი ნიღბიანი პირი იტალიის სამხრეთით მდებარე ქალაქში,"Crédit Agricole“-ის ფილიალში, დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა. მათ მძევლად ბანკის თანამშრომლები და კლიენტები აიყვანეს, რომლებიც პოლიციამ რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

საპოლიციო ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა და მაშველებმა "პიაცა მედალიე დ'ოროზე" მდებარე ბანკში შესასვლელად ფანჯრები ჩაამსხვრიეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის მძარცველები უკვე გაქცეულები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ იატაკში არსებული ხვრელით კანალიზაციის სისტემაში შეაღწიეს და ასე დააღწიეს თავი ალყას.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა ფულის ან ძვირფასეულობის გატაცება. მედიის ინფორმაციით, მათი სამიზნეს სავარაუდოდ სადეპოზიტო სეიფები წარმოადგენდა, რადგან თავად ბანკში ნაღდი ფული არ ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ “Crédit Agricole“-ის ფილიალი მსგავსი სცენარით 2020 წელს მილანშიც დააყაჩაღეს.

მაშინ ორმა შეიარაღებულმა პირმა ბანკში მთავარი შესასვლელიდან შეაღწია და პერსონალი მძევლად აიყვანა, მათი ორი თანამზრახველი კი შენობაში საკანალიზაციო გვირაბიდან, ტექნიკური ჭაბურღილის მეშვეობით მოხვდა. იმ დროს დაჯგუფებამ რამდენიმე სეიფის გატაცება და კანალიზაციის სისტემის გავლით მიმალვა მოახერხა.

წყარო