ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრება "მძიმე დარტყმას“ მიაყენებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და მოსკოვს "მოუწევს“ ის "არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც წერს:
"ზახაროვამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საპირწონედ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შეწყვეტა დაასახელა.
ეს არის მორიგი ტესტი ჩვენი საზოგადოებისთვის - არჩევანი მუცლის მოკლევადიან ამოყორვასა და გრძელვადიან თავისუფლება-კეთილდღეობას შორის.
“მუცლის ამოყორვას” კი ბოლო წლებში ისე მიგვაჩვიეს ჩვენივე ხელისუფლის ხელით, რომ ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი დილემა ბევრისთვის რეალურად დგას.
რუსეთის ბაზარზე შემჯდარი ბევრი “ეკონომიკური ნარკომანი” ახლა ასე ფიქრობს - ბორჯომი და ღვინო სად გავყიდოთ? ბინები ვის მივყიდოთ? ტრანზიტზე ფული როგორ ვიშოვოთ? და ა.შ.თქვენ წარმოიდგინეთ, ეს შიშები ახლა თვითონ მასაც აქვს, ვინც ჩვენი პატარა ეკონომიკის იმპერიულ ეკონომიკაში ინტეგრაციას და შედეგად ეკონომიკურ ოკუპაციას ხელი შეუწყო.
ამიტომ, შემდეგი რასაც შემოგვთავაზებს იქნება კონსტიტუციიდან 78 მუხლის ამოღება…
აბა რა ქნას? ამდენ რუსულ რუბლზე შემჯდარი ჯიგარი როგორ დაანაყროს? სხვა ხომ აღარავინ დარჩა მყვარებელი… ურეკავს ახლა ალბათ რუსებს და ეუბნება - ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ბორჯომი და ღვინო გამაყიდვინეთო… "
შეგახსენებთ, ზახაროვამ ეს განცხადებები ბრიფინგზე გააკეთე. მას ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით.
"ევროკავშირში გაწევრება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ.
ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას.
"ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ - განაცხადა მან.
ამასთან მისი თქმით, რუსეთს მოუწევს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.
"რუსეთს მოუწევს - არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევს საქართველო არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანოთ და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავავრცელოთ" , - განაცხადა ზახაროვამ.