ავტორი:

ჩინეთი ირანისთვის თანამედროვე სარადარო სისტემების მიწოდებას განიხილავს? - რა გახდა აშშ-ის დაზვერვისთვის ცნობილი

ჩინეთი ირანისთვის თანამედროვე სარადარო სისტემების მიწოდებას განიხილავს? - რა გახდა აშშ-ის დაზვერვისთვის ცნობილი

გასულ თვეში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებებიდან რამდენიმე დღეში, ამერიკულმა სადაზვერვო უწყებებმა გამოავლინეს ნიშნები, რაც მიუთითებს, რომ კონფლიქტი შესაძლოა უშუალო ბრძოლის ველის მიღმაც გავრცელდეს. ანგარიშების თანახმად, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციების ეფექტურობა შემცირების მიზნით, რუსეთი და ჩინეთი ირანის მხარდაჭერას ცდილობდნენ.

პენტაგონის სამხედრო დაზვერვის ფრთის (DIA) ანალიტიკოსების შეფასებით, პეკინი თეირანისთვის X-band-ის ტიპის მაღალტექნოლოგიური სარადარო სისტემების მიწოდებას განიხილავდა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას აშშ-ის რამდენიმე ოფიციალური პირი ფლობს. პარალელურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ მოსკოვმა ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო პოზიციების შესახებ გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ თეირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაზე დასავლურ პრესაში ადრეც იწერებოდა, ჩინეთის მზადყოფნა კონფლიქტის ადრეულ ეტაპზევე დაეხმაროს ირანს მიანიშნებს მზარდ, თუმცა არაფორმალურ ალიანსზე იმ ძალებს შორის, რომლებიც რეგიონში აშშ-ის გავლენის დაბალანსებას ცდილობენ.

სადაზვერვო წყაროების განმარტებით, X-band -ტიპის რადარები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ირანის თავდაცვის უნარს, აღმოაჩინოს და გაანადგუროს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონები და ფრთოსანი რაკეტები .

გასულ ოთხშაბათს Financial Times-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დაკვირვების მიზნით ჩინური კომპანია Earth Eye Co.-სგან ფარულად შეძენილ სადაზვერვო თანამგზავრს იყენებდა.

გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ პირდაპირი ჩარევის დაფარვის მიზნით, ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის მხარზე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (MANPADs) მესამე ქვეყნების მეშვეობით გადაცემას გეგმავდა.

2026 წლის გამოქვეყნებულ საფრთხეების ყოველწლიურ შეფასებაში ნათქვამია, რომ ჩინეთმა კოსმოსურ სფეროში უკვე გაუსწრო რუსეთს და აშშ-ის მთავარ კონკურენტად იქცა. პეკინი კოსმოსურ შესაძლებლობებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამერიკული ტექნოლოგიური უპირატესობის დასაბალანსებლად იყენებს.

  • დიპლომატიური რეაქციები და მოსალოდნელი სანქციები

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართული კომუნიკაციის დროს ჩინურმა მხარემ პირობა დადო, რომ ირანისთვის იარაღის გადაცემა არ მოხდება.

თავის მხრივ, მკაცრ პოზიციას აფიქსირებს დონალდ ტრამპიც, მისი განცხადებით “ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს იარაღით მოამარაგებს, "დაუყოვნებლივ დაუწესდება 50%-იანი სავაჭრო ტარიფი.“

ჩინეთის საელჩო ვაშინგტონში ბრალდებებს უარყოფს. მისი პრესსპიკერის, ლიუ პენგიუს განცხადებით, პეკინის პოზიცია “ობიექტური და მიუკერძოებელია, ხოლო ცნობები იარაღის მიწოდების შესახებ სრული ფაბრიკაციას წარმოადგენს“. ჩინეთის საგარეო უწყებამ ასევე გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ნებისმიერ ახალ ტარიფს შესაბამისი საპასუხო ზომების გამოიწვევს.

წყარო