ევროპელი ლიდერები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნას მიესალმებიან.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარიზში მიმდინარე სამიტზე განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და ქმედითი გადაწყვეტა.
მისი განმარტებით, საერთაშორისო ლიდერები შეიკრიბნენ, რათა გაეზიარებინათ ერთიანი გზავნილი, რომ სრუტე უნდა გაიხსნას გადასახადებისა და შეზღუდვების გარეშე.
სტარმერის თქმით, ეკონომიკური შოკის მართვის მიზნით საჭიროა, ნაოსნობა აღდგეს, როგორც კი ამის პირობები შეიქმნება.
მისი განცხადებით, საერთაშორისო მისიას, რომლის მიზანი ნავიგაციის თავისუფლების დაცვა იქნება, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებენ "როგორც კი ამის პირობები შეიქმნება, მკაცრად მშვიდობიანი და თავდაცვითი“.
სტარმერის ინფორმაციით, მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება დაგეგმვის კონფერენცია, სადაც ათეული ქვეყანა მისიაში აქტივებს შეიტანს.
"ჩვენს მოქალაქეებს მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნება სჭირდებათ“, - აღნიშნა სტარმერმა.
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის გაზრდა მხარეების პირდაპირ ინტერესებშია.

მერცმა პარიზში, სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს აშშ-სა და ირანს შორის სწრაფი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიმდინარე მცდელობებს და ასევე მიესალმება "ჰეზბოლასა“ და ისრაელის ისტორიულ შესაძლებლობას, გაიღონ ძალისხმევა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
მერცმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, სრულად გახსნას ჰორმუზის სრუტე ხანგრძლივად, უსაფრთხოდ და გადასახადის გარეშე და განაცხადა, რომ ბოლო დროს მიღებული კარგი ამბების მიუხედავად, მის გახსნაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.
მისი თქმით, გერმანია მზადაა წვლილი შეიტანოს მისიის მუშაობაში, რომლის მიზანი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების ხელშეწყობა იქნება, მათ შორის მისი შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობასა და ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა განაღმვა.
მერცის განმარტებით, ასეთი გეგმა გაერომ და გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ და მასში აშშ-ის მონაწილეობა სასურველი იქნება.

ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ყველაფერ ამას სწორი მიმართულებით მივყავართ“, - აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ სრუტის სრული და უპირობო გახსნა სამუდამოდ უნდა მოხდეს.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის გადახდის სისტემას“, - აღნიშნა მაკრონმა.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, საზღვაო გზებზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ის, რაც დღეს ლიდერებმა ნათლად განაცხადეს ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს ეხებოდა.
"საფასურის გადახდის ნებისმიერი სქემა სახიფათო პრეცედენტს შექმნის გლობალური საზღვაო მარშრუტებისთვის. ირანმა უარი უნდა თქვას ტრანზიტის საფასურის დაწესების ნებისმიერ გეგმაზე“, - აცხადებს კალასი.
მისი თქმით, ევროპა თავის როლს შეასრულებს ენერგიისა და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის აღდგენაში, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება.
"ევროკავშირის საზღვაო მისია "ასპიდესი“ უკვე მოქმედებს წითელ ზღვაში და მისი სწრაფად გაძლიერება შესაძლებელია რეგიონში გადაზიდვების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის უსწრაფესი გზა“, - აცხადებს კალასი.