ავტორი:

"დაღლილს ჩამეძინა, ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა სხეულზე მეხებოდა" - პოლონელი ტელეწამყვანის თქმით, საქართველოში ტაქსის მძღოლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა

"დაღლილს ჩამეძინა,  ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა სხეულზე მეხებოდა" - პოლონელი ტელეწამყვანის თქმით, საქართველოში ტაქსის მძღოლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა

პოპულარულ პოლონურ შოუში, სახელად - "გადარჩენისთვის მებრძოლი დედოფლები“, ცნობილმა ჟურნალისტმა კაროლინა პაიონჩკოვსკამ მაყურებელს საკუთარი თავი სრულიად სხვა კუთხით დაანახა. მან საჯაროდ ისაუბრა პირად დრამებზე - ურთიერთობაში გამოვლილ ძალადობასა და ღალატზე. თუმცა, მხოლოდ ეს არაა - ახლახან, მან გადაცემაში "დილის რინგი“ პაიონჩკოვსკამ კიდევ ერთი მძიმე ისტორია გაიხსენა - როგორც ქალი ჰყვება, წლების წინ, ის საქართველოში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

მონაწილეთა ემოციური აღსარებები

პროექტი "გადარჩენისთვის მებრძოლი დედოფალები“ მხოლოდ მონაწილეების ფიზიკურ გამძლეობასა და სისუსტეებთან ბრძოლას არ ასახავს. ის აუდიტორიას საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნოს ცნობილი ქალების რეალური ცხოვრება. ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეები წარსულის მტკივნეულ გამოცდილებებზე ალაპარაკდნენ. შოუს მიღმა კი, ჟურნალისტმა კაროლინა პაიონჩკოვსკამ კიდევ ერთ მწვავე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც თავად შეეჯახა.

როგორც ცნობილმა რეპორტიორმა და ჟურნალისტმა აღნიშნა, მას პარტნიორის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მოუხდა. ემოციების დაუფარავად მან გაიხსენა მომენტი, როდესაც საკუთარ თავს ეკითხებოდა, შეეძლო თუ არა მომხდარის თავიდან აცილება, თუმცა იქვე დასძინა, რომ დამნაშავე ყოველთვის მოძალადეა.. პაიონჩკოვსკამ ასევე დაადასტურა, რომ პარტნიორმა უღალატა რის გამოც ქორწილამდე მცირე ხნით ადრე დაშორდა.

რა შეემთხვა 9 წლის წინ საქართველოში?

მძიმე პირად ისტორიაზე თავისივე საავტორო გადაცემაში, "დილის რინგში“ ისაუბრა, სადაც ექსპერტებთან ერთად, ტაქსის აპლიკაციებით მგზავრობის უსაფრთხოებას განიხილავდნენ. საუბარი შეეხო იმ მძღოლებს, რომელთაც პოლონური მართვის მოწმობა არ აქვთ. ამ თემაზე ვარშავის პოლიციამ სპეციალური კამპანიაც კი წამოიწყო. სწორედ აქ გაიხსენა პაიონჩკოვსკამ შემთხვევა, რომელიც 9 წლის წინ საქართველოში გადახდა:

"ახლა უკვე შემიძლია ამაზე საუბარი - სამწუხაროდ, საქართველოში მგზავრობისას მძღოლის მხრიდან სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. ეს წლების წინ მოხდა, როცა ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. გვიან საღამოს ვბრუნდებოდი, თუმცა დილის ცვლის შემდეგ ისე ვიყავი დაღლილი, რომ მანქანაში ჩამეძინა. მძღოლმა ალბათ იფიქრა, რომ ნასვამი ვიყავი, გვერდითა ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა უკვე ჩემ გვერდით იჯდა და სხეულის ზედა ნაწილებზე მეხებოდა. ახლა ამაზე უკვე მშვიდად ვსაუბრობ, რადგან დიდი დრო გავიდა“.

დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მაშინ თავდამსხმელისგან გაქცევა მოახერხა, თუმცა დიდხანს აწუხებდა დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ "უცხო კაცის მანქანაში ჩაეძინა". სირცხვილის გამო პოლიციაში არ მისულა.

  • "შეშინებულმა გავიღვიძე, აბსოლუტურად თავზარდაცემულმა. მგონი, თავად მძღოლიც კი შეშინდა. საბედნიეროდ, მანქანის კარი არ იყო ჩაკეტილი და დიდი სისწრაფით გავიქეცი. ძალიან განვიცდიდი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციაში ყოველთვის ვამოწმებ მანქანის ნომერს, მაინც თავს ვიდანაშაულებდი - მეგონა, არავინ დამიჯერებდა, რომ უბრალოდ დაღლილობისგან ჩამეძინა“, - ჰყვება ქალი.

პაიონჩკოვსკას თქმით, ბევრი ქალი სწორედ ამ სირცხვილისა და "საკუთარი ბრალის“ განცდის გამო არ მიმართავს სამართალდამცავებს. თუმცა, მან სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ვარშავაში მსგავსი დანაშაულების რიცხვი იკლებს: თუ 2023-2024 წლებში 6-7 ასეთი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2025 წელს მხოლოდ ერთი მსგავსი ფაქტი აღირიცხა.

წყარო