"ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციებზე გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე განაცხადა.
მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია.
პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება - ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს "ქოცი", "რუსი", "აკაცუკი", "ნაცის" ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად", - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.