გუშინ თბილისში, დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაშავებული კლინიკა :გლობალ მედიში“ გადაიყვანეს.
დაზარალებულის დედა "ტვ პირველთან" მისი შვილის მდგომარეობაზე საუბრობს. დაშავებული კაცის მშობელი წარსულში ვინმესთან დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს, ირწმუნება, რომ მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
"არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. მე ასე ვიცი, რომ ჩემმა შვილმა არ იცის, ვინ იყო თავდამსხმელი. ყველაფერს არკვევენ და ყველაფერი კარგად იქნება. სტაბილურად მძიმეა ჩემი შვილის მდგომარეობა. კეთდება ყველაფერი საავადმყოფოს მხრიდანაც და პოლიციის მხრიდანაც", - ამბობს დედა.
როგორც გაირკვა, მძიმე დანაშაულში მხილებული პირი ძველი მეგობრის დაჭრის შემდეგ ქალაქიდან გაიქცა და სამართალდამცველებმა ის ზესტაფონში დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს, ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა ამ ეტაპზე მკვლელობის მცდელობის მოტივად შურისძიება სახელდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.