ავტორი:

არასრულწლოვანის გაუპატიურების ქმედების ფაქტზე დაკავებული ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო - სტუ განცხადებას აქვეყნებს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ქმედების ფაქტზე დაკავებული ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო - სტუ განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულზე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელია განცხადებას ავრცელებს.

სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.

უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, - ნათქვამია განცხადებაში.