ავტორი:

WSJ - Trump Organization-ი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს

WSJ - Trump Organization-ი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად 70-სართულიანი ლაქშერი საცხოვრებელი ცათამბჯენის ბრენდირებას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია WSJ-ის სტატიაში.

სტატიის თანახმად, კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენი აშენდება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთ ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს.

"Trump Organization და მისი პარტნიორები გეგმავენ Trump Tower Tbilisi-ის აშენებას, რომელიც არის დაახლოებით 70-სართულიანი სხვადასხვა დანიშნულების პროექტი, რაც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება" , - ციტირებს გამოცემა Trump Organization-ის პროექტის პარტნიორების წარმომადგენელის კომენტარს.

ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს. მას არქიტექტურული კომპანია Gensler-ი აპროექტებს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ს და Biograpi Living-ს, რომელიც ქართული კონგლომერატის ნაწილია.

წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი Sapir Organization-ი.

გამოცემის თანახმად, ბოლო წლებში Trump Organization -ი უფრო მეტად შედის საერთაშორისო ლიცენზირების და ბრენდინგის შეთანხმებებში. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტები შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტს იწვევდეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს , პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა შვილმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთა.

ასევე გამოცემა წერს, რომ წარსულში, მან უარყო, რომ მისი კომპანიის საგარეო საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ „ტრამპის ორგანიზაციის“ ბიზნეს ურთიერთობები ადმინისტრაციის პოლიტიკისგან გამოყოფილია. მისივე თქმით, თბილისის პროექტი საქართველოში „გლობალურად აღიარებულ მაღალი ხარისხის სტანდარტს“ შემოიტანს.

გამოცემის თანახმად, ეს პროექტი ასევე აღადგენს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის ადრე დაწყებულ, თუმცა შეწყვეტილ ურთიერთობას. 2012 წელს კომპანიამ გეგმავდა პროექტს ბათუმში, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა , რათა აეცილებინა ინტერესთა კონფლიქტის შთაბეჭდილება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ტრამპის კომპანია გაცილებით აქტიურად შევიდა საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში.

"საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში მდებარეობს - ის ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას და პარალელურად მართავს დაძაბულობას რუსეთთან. ამავე დროს, ქვეყანა ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკით, დაბალი გადასახადებითა და მზარდი ტურიზმით", - აღნიშნულია სტატიაში.

ასევე, აღინიშნება , რომ Archi Group -ი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია, მას აქვს 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ბინა.

Sapir Organization-ის ხელმძღვანელმა, ალექს საფირმა პროექტი პირად მნიშვნელობასაც დაუკავშირა, ხაზი გაუსვა მისი ოჯახის ქართულ ფესვებს და განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის მომავალში „მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის“ შესაძლებლობაა.