ავტორი:

"ვაიმე, ცუდად ვარო - ეს იყო მისი ბოლო სიტყვები…" - 17 წლის ანის ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა

"ვაიმე, ცუდად ვარო - ეს იყო მისი ბოლო სიტყვები…" - 17 წლის ანის ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა

"თეთრი ფერი, ჩემთვის ასოცირდება სულთან. ეს ფერი, სიწმინდის განცდას წარმოშობს, უკვდავ სულთან, შინაგან ბუნებასთან. ნამდვილად ღრმა და მშვენიერ ასოცირებას ქმნის. ეს ფერი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ეს სიტყვები ეკუთვნის 17 წლის ანი წიქარიშვილს, ნორჩ ჩოხოსანს, რომელიც მოულოდნელად ტრაგიკულად დაიღუპა... ტრაგედია 2024 წელს მოხდა - ბაღდათში, ბავშვთა ცეკვების ფესტივალზე, ქუთაისელი გოგონა ანი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მიზეზი გულის გაჩერება გახდა...

"ბაღდადში მომხდარმა ტრაგედიამ, მთელი საქართველო შეძრა. ძალიან რთულია, მასზე დღესაც, წარსულში საუბარი... უფალს შევთხოვ, ყველა მშობელი დაიფაროს მსგავსი ტრაგედიისგან. ძალიან რთულია ჩემთვის მასზე საუბარი. სულ თვალწინ მიდგას, ანგელოზივით ლამაზი, მოღიმარი გოგოს სახე, რომელიც ყველას სულ უცინოდა და თავის წილ სიყვარულს უნაწილებდა", - გვეუბნება კახა მარკოიშვილი - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე.

ახალგაზრდა მოცეკვავე განსაკუთრებული ნიჭიერებით იყო აღბეჭდილი. ქორეოგრაფი, ანსამბლ "ცეკურის“ ხელმძღვანელი კობა ლიპარტელიანი კი იხსენებს, რომ სიცოცხლით სავსე, შრომისმოყვარე გოგონას ყველაზე რთული ილეთებიც კი მარტივად გამოსდიოდა: "ჩვენ მას ცეკურის "რაკეტა“ შევარქვით, რადგან გიჟი იყო ცეკვის. 19 ში ოქროს დაბადების დღეს, ჩვენ მას დიდ კონცერტს მიუძღვნით და ასე მოვეფერებით".

გოგონას დედა შორენა ნოზაძე იხსენებს, რომ ანა თურმე ოქროს დაბადების დღის აღნიშვნაზე ოცნებობდა: "ერთხელ მითხრა, გრანდიოზული დაბადების დღე გადამიხადეო... მე ახლა აღარაფრის თავი მაქვს, მაგრამ მისი საოცარი ქორეოგრაფის ინიციატივით ანას სახელზე ტარდება კონცერტი, შემდეგ სასაფლაოზე გავალთ და ამის მერე იქნება დიდი სუფრა. მე 10 წუთით მაინც მივალ... თავმდაბალი იყო ჩემი გოგო და ყველაფერში ნიჭიერი. ერთი საათიც კი ვერ ძლებდა და ვერც მე ვძლებდი უიმისოდ... რომ შევხედავდი, მაშინვე უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. გარდაცვალებიდან, დაახლოებით ერთ თვეში დამესიზმრა და მისაყვედურა, - შენ მოგწონს ასეთი შენი თავი. მე აქ, ბედნიერი ვარ და ჩემზე ნუ ტირითო... თითქოს გამიცოცხლდა იმ წუთას და მომეშვა შედარებით...

განსაკუთრებულად უჭირთ მის მასწავლებლებს... საოცარი თემა დაწერა ბოლო, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება: "სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი, ავსა-ავი, კარგსა-კარგი..."

ტრაგედიის წინა საღამო მითხრა, -კობა მასწავლებელმა მიმიწვია კონცერტზე, რომელიც ბაღდადში ტარდება და იქნებ გამიშვაო. ისეთი ბედნიერი იყო რა გითხრათ, ბრწყინავდა სიხარულისაგან... გასაოცარი ისაა, არაფერი მიგრძნია გულში... თურმე მთელი გზა, განსაკუთრებულად გამოხატავდა სიხარულს, სულ ცეკვავდა, მღეროდა... მეგობრებისათვის უთქვამს, - პირველად ვარ, მაყურებლის ამპლუაში და ნეტავი როგორი შეგრძნებააო... რომ ჩავიდნენ, ესეც მიეხმარა თავის მეგობრებს გამოსვლაში, მომზადებაში.. იქ იყო სადაც იცვლიდნენ გოგოები, დაჯდა თურმე და თქვა, - ვაიმე ცუდად ვარო და გათავდა.... მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო ჩემმა შვილმა და დამთავრდა..."

გოგონას ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა, გამორჩეულად წერდა, ხატავდა... მას წინ დიდი მომავალი ჰქონდა, რომელიც ერთ წამში გაქრა, დრო გაიყინა...

გია წიქარიშვილი, მამა:

"ნებიერა მყავდა. დაბადებიდან ვანებივრებდი, სულ ვეფერებოდი...იმ, დღესაც რა დღესაც დაიღუპა, მოფერებით გავაცილე, მაგრამ კოცნა ვერ გავუბედე, მაკიაჟი რანაირად გავუფუჭო ბავშვს-მეთქი. რატომღაც, როცა გადიოდა სახლიდან, რაღაცნაირად არ მომინდა გასულიყო. მითუმეტეს დღის საათებში მიდიოდნენ და ვერც ვერაფერი ვთქვი, არ მინდოდა ბავშვისთვის მეწყენინებინა.

ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. ხანდახან ისეთ რამეს იტყოდა, მიკვირდა, 16 წლის ბავშვს საიდან მოუვიდა ეს აზრი-მეთქი. რომ წამოიზარდა თავად დაალაგა შიგნით ყველაფერი, როგორ უნდა მოქცეულიყო სახლში თუ საზოგადოებაში.

ანამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ძმა - მერაბ წიქარიშვილი გარდაიცვალა, რომელიც პატრიარქის ჩოხოსნების გამორჩეული წევრი იყო. ჩემი ანიც, ძალიან ჰგავდა ჩემს ძმას ხასიათით... ისე მოხდა, რომ მერაბიც გულით გარდამეცვალა და მახსოვს, ერთი თვე, დამამშვიდებლებზე ვიჯექი... და ანის ამბავი, რომ მოხდა, მე თვითონ მიკვირს, ისე ძლიერად შევხვდი..აი, იმ მომენტს თუ გაუძელი, იმ პირველ დარტყმას, მერე უკვე რაღაცას ებრძვი. გაგების ამბავია ყველაზე საშინელება...დაგვირეკეს, ცუდად არისო და თურმე ბავშვი აღარაა... რომ თქვა ცუდად ვარო, იქვე დამთავრებულა ყველაფერი...

ამას წინებზე, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ვუსმენდი, იხსენებდა შვილის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქმა რომ უთხრა: "შენ ხარ შვილი და ის არის, მამა... შენ იმის გასაკეთებელი ისე უნდა გააკეთო, რომ მას გაუხარდეს“.

ამ სიტყვების მოსმენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ახლა როცა რაიმეს ვაკეთებ, სულ იმას ვფიქრობ, - აი, ახლა ანი რომ მიყურებდეს, ჩემი ეს საქციელი მოეწონებოდა? აი, ამ პრინციპით ვცხოვრობ ანის შემდეგ. ჩემი ერთადერთი სურვილია, როცა აქედან გავალ, ზუსტად იმ ღიმილიან გოგოს შევხვდე, როგორიც აქ მყავდა.

მქონია სასოწარკვეთილების მომენტებიც... მაგრამ მერე ამ ჩემს მეორე შვილს - ანის ძმას რომ შევხედავ, ეს მეცოდება. ამასაც ხომ სჭირდება ყურადღება?

ანი, ჩემი ძმასავით პატრიარქის ჩოხოსანი იყო, მისი ხათრით კიდევ, მთელი მისი ცეკვის ბავშვები გახდნენ ჩოხოსნები. არაჩვეულებრივი სამეგობრო ჰყავს ჩემს შვილს, დღე არ გავა რომ არ მოგვიკითხონ... ყველა მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი ანგელოზი გოგოს დაფასებისათვის, სიყვარულისათვის... მის საოცარ მასწავლებლებს და პედაგოგებს... რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ამ ყველაფერს ვერც გადავიტანდით..."

ლილე ცნობილაძე, ანის მეგობარი:

"ანიმ მასწავლა ნამდვილი მეგობრობა, წრფელი სიყვარული და ის, რასაც სიტყვებით ბოლომდე ვერ აღწერ. ჩვენი მეგობრობა, ყველასგან გამოირჩეოდა იმ სითბოთი და სიყვარულით, რომელიც დღეს ძალიან იშვიათია…ის უნიკალური პიროვნება იყო, მას არა მხოლოდ ფიზიკური სილამაზე ამშვენებდა, არამედ საოცრად ლამაზი და სუფთა სული ჰქონდა… ის იყო გაწონასწორებული, ჭკვიანი და სამაგალითო ადამიანი და ამას არაერთხელ ამტკიცებდა. ყოველთვის ყურადღებიანი და გამგები იყო, არ იცოდა წყენა და გულში ბოროტება. ყველას აპატიებდა შეცდომებს, და სწორედ ეს ხდიდა მას ასე გამორჩეულს. უსამართლობას ვერ იტანდა და ამას ყოველთვის უშიშრად ამჟღავნებდა. როცა მოწყენილს დამინახავდა, ისე რომ არაფერს ვეუბნებოდი, თვითონვე ხვდებოდა… სწავლაშიც გამორჩეული იყო ამას ყველა მისი მასწავლებელი დაადასტურებს. ჩემთვის ის ყოველთვის დარჩება იმ ნათელ ადამიანად, რომელმაც ცხოვრება უკეთესად დამანახა".

ნანა მიგინეიშვილი, მასწავლებელი:

"19 აპრილს 19 წლის გახდებოდა. ანი ადამიანი დღესასწაული იყო, რომელიც თავისი არსებობით ყველას აბედნიერებდა. დადიოდა და შლეიფივით დაჰყვებოდა სიყვარული, სიკეთე, სითბო, სიფაქიზე, გულწრფელობა და გულისხმიერება. ანიმ დედამიწაზე ყოფნის მისია პირნათლად შეასრულა. ამ პატარა, 17 წლის გოგონამ, იმხელა სიყვარული დატოვა, სამყაროც რომ ვერ იტევს, რომელიც დროსთან ერთად კი არ გაქრება, სითბოდ და სინათლედ გარდაიქმნება და უფრო გაძლიერდება"

რუსუდან შაიშმელაშვილი