ავტორი:

ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა - რამდენიმე გემს ცეცხლი გაუხსნეს: რა ვითარებაა სრუტეში ბოლო ინფორმაციით და რა განცხადებები კეთდება ოფიციალური პირების მიერ?

ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა - რამდენიმე გემს ცეცხლი გაუხსნეს: რა ვითარებაა სრუტეში ბოლო ინფორმაციით და რა განცხადებები კეთდება ოფიციალური პირების მიერ?

შაბათს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეზე “მკაცრი კონტროლი“ აღადგინეს. ამით მათ გააუქმეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწყლოსნო გზის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ვაშინგტონთან მოლაპარაკებების ფარგლებში იყო მიღებული.

სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონმა დაარღვია პირობა და გააგრძელა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა იმ გემებისთვის, რომლებიც იქ შედიან ან გამოდიან.

  • სამხედროების განცხადებით, სანამ აშშ არ აღადგენს ნაოსნობის თავისუფლებას ირანში შემავალი ყველა გემისთვის, “სიტუაცია ჰორმუზის სრუტეში მკაცრი კონტროლის ქვეშ დარჩება“.

მოგვიანებით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს გემები, რომ არცერთმა მათგანმა არ უნდა დატოვოს თავისი სადგომი სპარსეთის ან ომანის ყურეებში. სრუტესთან მიახლოება განიხილება როგორც მტერთან თანამშრომლობა და დამრღვევი გემი სამიზნე გახდება. მათ ასევე დასძინეს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ძალა არ აქვს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ირანის ხელმძღვანელობას კვლავ სურს სრუტის გადაკეტვა, თუმცა აღნიშნა, რომ “აშშ არ დაუშვებს საკუთარი თავის დაშანტაჟებას“. მისი თქმით, ამ საკითხში ვაშინგტონს მკაცრი პოზიცია უჭირავს.

მან დაამატა, რომ ირანთან “ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა თეირანი “ხრიკებს“ მიმართავს, როგორც ამას ბოლო 47 წლის განმავლობაში აკეთებდა.

  • თეირანსა და ვაშინგტონს შორის დადებული ზავის ვადა ოთხშაბათს, 22 აპრილს იწურება. ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზავი არ გააგრძელოს, მაგრამ ბლოკადა ძალაში დარჩება.

ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამმართველოს (UKMTO) ინფორმაციით, სრუტის ჩაკეტვიდან მალევე, ჰორმუზის სრუტეში მყოფმა ტანკერმა მათ ეატყობინა, რომ მას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორმა კატერმა ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. კაპიტანმა განაცხადა, რომ კატერები რადიოკავშირზე არ გამოსულან და პირდაპირ გახსნეს ცეცხლი, თუმცა ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტეინერმზიდს “უცნობი ჭურვი“ მოხვდა, ხოლო საკრუიზო ლაინერთან ახლოს ზღვაში რაღაც ობიექტი ჩავარდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი დაცხრილული გემი ინდოეთის დროშის ქვეშ ცურავდა და ირანს მათი გატარებისკენ მოუწოდა.

  • მოლაპარაკებებში მედიატორის როლს პაკისტანი ასრულებს.

გასულ უქმეებზე ისლამაბადში გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებები, თუმცა მხარეებს შორის კვლავ რჩება სერიოზული უთანხმოებები. ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი გემებს გადასახადს აღარ გამოართმევს და დათანხმდა გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადატანას, რასაც თეირანი უარყოფს.

ამ ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციამ გააგრძელა სანქციის შემსუბუქება, რომელიც ქვეყნებს რუსული ნავთობის ყიდვის საშუალებას აძლევს.

ვაშინგტონი ამით ცდილობს შეაჩეროს ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ირანთან ომმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია.

ნებართვა 16 მაისამდე გახანგრძლივდა. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების დრო.

წყარო