მასთან პირველი ინტერვიუ 11 წლის წინ ჩავწერე. მსოფლიო მოქალაქის პასპორტი უკვე ჰქონდა და იმ პერიოდისთვის 121 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი... მერე კიდევ რამდენჯერმე იყო ნიკოლოზ ბარტყულაშვილი ჩემი რესპონდენტი. მსოფლიო მოქალაქეს, მოგზაურსა და სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანს დღესდღეობით 196 ქვეყანა აქვს მოვლილი... ჩემთვის ეს ფაქტი წარმოუდგენელი ამბავია...
“რა აიძულებს ადამიანს, დატოვოს კომფორტული სახლი, ოჯახი და მთელი ქონება მხოლოდ იმისთვის დახარჯოს, რომ ავიდეს, მივიდეს ან ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც სხეული ყოველი ამოსუნთქვით კვდება?! დიდების წყურვილი, გამძლეობის გამოცდა თუ მარადისობისთვის თვალებში ჩახედვის მცდელობა?!
ეს არის მინუს 70 გრადუსი ყინვა, სადაც ჰაერი ჭრაჭუნობს და კიდურები მგრძნობელობას კარგავს თუ პლუს 70 გრადუსი - უდაბნოს გამომშრალი სიცხე, სადაც მხურვალე ჰაერი თვალის კაპილარებს სისხლით გიბერავს. ეს არის მაღალი მწვერვალი თუ შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ჭაობი. კვლავ ახალი გამოწვევა, კვლავ ახალი რისკები და იმის არცოდნა თუ იქნება მომდევნო დღეს. ეს შეკითხვა დავუსვი ჩემს თავს, როდესაც გადავწყვიტე თავიდან, კიდევ ერთხელ შემომევლო მსოფლიო. საკუთარ თავს ვკითხე: ვინ ხარ ნიკოლოზ?! რა გინდა? რა ძალა გამოძრავებს? ან რას თვლი - რა არის შენი მისია?“ - ეს, როგორც ნიკოლოზი ამბობს, მისი გამოსაცემად გამზადებული ახალი წიგნიდან ერთ-ერთი აბზაცია.
საერთოდ, რამ შეაძლებინა ამ ადამიანს ამდენი, რა მიზანი აქვს ცხოვრებაში და საკუთარი გამოცდილებით რას აპირებს - ამაზე მისი მორიგი ონლაინ-ინტერვიუ გასცემს პასუხს. წლების შემდეგ ის ჩემი რესპონდენტი ისევ გახდა...
- ნიკოლოზ, ამ ეტაპზე სად იმყოფები და რას საქმიანობ?
- ამ ეტაპზე კუბაში ვარ, აქაურ ეკონომიკურ აღწერას ხელახლა ვაკეთებ. საქმიანობით აქ არ ვსაქმიანობ.
196 ქვეყანა მოვიარე, გაეროში ოფიციალურად რამდენი ქვეყანაცაა დარეგისტრირებული, იმაზე მეტი. ასე რომ, მსოფლიო უკვე დიდი ხანია, მოვლილი მაქვს. მიუხედავად ამისა, კიდევ ვმოგზაურობ. გასულ ზამთარს 26 ქვეყანაში ვიყავი. კარიბის ზღვაში რომ პატარა-პატარა ქვეყნებია - იამაიკა, კოსტარიკა და ა.შ. სადაც ნამყოფი ვიყავი, კიდევ წავედი. კარიბის ზღვაში “კატერებით“, ნავებით და იახტებით ვიმოგზაურე. ქვეყანაში რომ ჩავდივარ, განსაკუთრებით დიდ ქვეყანაში, მას საფუძვლიანად ვსწავლობ. კოლუმბიაში 4-ჯერ ვიყავი, მაგრამ ახლა იქ საცხოვრებლად სამი თვით მივდივარ. მინდა ღრმად შევისწავლო, - ყველა კუთხე-კუნჭული, სოფელი, მდინარე და ჩანჩქერი მოვინახულო. თუმცა ძირითადი მოგზაურობა, როგორც ვთქვი, უკვე დავასრულე, წარსულს ჩავაბარე. ამ კუთხით რა მიზნებიც მქონდა, მივაღწიე. ახლა ჩემი გონება სხვა მიმართულებითაა გადაწყობილი და იმას, სად ვიქნები, პარალელურად სად ვიმოგზაურებ, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს. საერთოდ ცხოვრება ხომ სულ მოგზაურობა და აღმოჩენებია.
ზოგ ქვეყანაში ორჯერ ვიყავი, ზოგან - 6-ჯერ, - გააჩნია ქვეყნის სიდიდეს, სიღრმეს და იქ რას ვსწავლობ. ყველაზე დიდხანს ამერიკაში მომიწია ყოფნამ, რადგან იქ ბევრი რამ იყო ჩემთვის შესასწავლი. დაწყებული “ნასადან,“ სამხედრო სისტემიდან, მაინტერესებდა იმის შესწავლა, რაზე დგას ეს ქვეყანა. მისი 50-ვე შტატი მოვიარე.
- ამბობ, რომ ბავშვობაში დასახული ოცნებები აისრულე, - კონკრეტულად რა გქონდა დასახული?
- ბავშვობიდან მქონდა რაღაც მისიასავით განცდა, - სამყარო უკეთესობისკენ შემეცვალა და ვფიქრობდი იმაზე, ამაში მონაწილეობა როგორ მიმეღო. ბევრ რამეს ვსწავლობდი - სხვადასხვა შთამბეჭდავ ისტორიებს, იმას ვინ როგორ მართავდა და მართავს მსოფლიოს. ეს თემები თავიდანვე მაინტერესებდა. თუ მსოფლიოს შეცვლა გინდა, ჯერ უნდა შეისწავლო. ამიტომაც, ჩემი მოგზაურობის მთავარი არსი სწორედ მსოფლიო შემესწავლა გახდა არა მხოლოდ რელიეფურად, გეოგრაფიულად და კლიმატოლოგიურად, მისი კულტურით და ხალხით. ასტროფსიქოლოგიაც ამის გამო შევისწავლე...
ბავშვობაში რისი მიღწევაც მიუღწევლად მეჩვენებოდა, ის ყველაფერი ცხოვრებაში გამოვცადე - გავხდი წიგნების ავტორი, ბიზნესმენი, მსოფლიო მოქალაქე, პოლიგლოტი, - ბევრი ეტაპი გავიარე. შემდეგ ისეთ საფეხურზე ავედი, “ეგო“ გამიქრა - წარმატება, მიღწევა და შეჯიბრი - ეს მომენტები დიდი ხანია აღარ მაწუხებს.
- შენი გამოცდილებით ოცნებების ახდენას რა სჭირდება?
- ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს ოცნება და ცხოვრება არ უნდა გახადოს პრაქტიკული. სხვისი მაგალითის მიხედვით არ უნდა იფიქროს, ვიღაცამ რაღაც თუ ვერ გააკეთა, ეს საკუთარ მაგალითად არ უნდა გაიხადოს. იმიტომ, რომ ადამიანები ინდივიდუალურები ვართ. ვიღაცისთვის მიუღწეველი ოცნება, შეიძლება შენთვის ხელმისაწვდომი იყოს. ოცნება ოცნებად კი არ უნდა იყოს, მას გაღვივება სჭირდება და მუდმივად ფიქრი. შემდეგი ეტაპი ინფორმაციის მოძიებაა, რომ იცოდე, შენს ოცნებასთან რა საფეხურებით მიხვიდე და იმ ინფორმაციით ჩანაფიქრი უკვე მიზნად აქციო. მიზნისთვის კი შეიძლება რამდენიმე გზა არსებობდეს და ერთ-ერთი აირჩიო. დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. მთავარი ნაბიჯის გადადგმაა. ადამიანს რაც არ უნდა კარგი ოცნება ჰქონდეს, კარგ გზაზე იდგეს და კარგი მიზანი ჰქონდეს, თუ არ მოქმედებს, არაფერი ხდება. მოქმედების არ უნდა შეეშინდეს და ნაბიჯი უნდა გადადგას.
- შენს მიზნებად რას მიიჩნევ?
- რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო არა ერთ ოჯახს, ერთ ქვეყანას, არამედ მთლიან მსოფლიოს... დედამიწის მაცხოვრებლები ერთი მთელის ნაწილები ვართ. უკვე ოფიციალურად გადავედი მსოფლიო პოლიტიკაში, სადაც ჩემი დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება, იდეოლოგიები სწორად მოვახმარო მსოფლიო პოლიტიკას.
- ფაქტია, რომ ცხოვრებაში გამოწვევების არ გეშინია და სიძნელეებს არ გაურბით. რა იყო ყველაზე მთავარი სიძნელე ამ წლების მანძილზე?
- მართალია - სიძნელეებს არ გავურბივარ. პირიქით ეგ ჩემთვის სტიმულის მომცემია. ახალი გამოწვევებისკენ მიბიძგებს. სტანდარტულ სიტუაციაში ან კომფორტში ყოფნა უინტერესოა. ასეთ დროს ვიწყენ ხოლმე და ვეღარ ვვითარდები. გამოწვევები ჩემთვის განვითარების გზაა.
- ამდენი ქვეყნის და ხალხების მნახველი რას მიხვდი, როგორია მსოფლიო, მისი მოსახლეობა და რა არის დედამიწაზე მცხოვრებლებისთვის მთავარი, მნიშვნელოვანი?
- მთავარ სიძნელედ ჩავთვლი არა მხოლოდ თავგადასავალს და რაღაც შემთხვევებს ჯუნგლებში, უდაბნოში თუ ა.შ. არამედ იმას, რომ ადამიანების გაგებაა რთული. მით უფრო მაშინ, როცა იმ კუთხით როგორ ლამაზ ფერებშიც მე შემიძლია დავინახო სამყარო, ისე ვერ ხედავენ. მე თუ გახსნილად ვუყურებ ადამიანებს, ის შეიძლება მათ შეიძლება ეჭვით შემომხედონ ან კრიტიკულად მომიდგნენ. მოკლედ, მთავარი ამბავი ადამიანების ფსიქოლოგიაა, მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე.
- და ნებისმიერი ადამიანის გაგება შეძელი?
- მაინც ბავშვობის ფიქრებთან მივედი - ამხელა სამყაროში, ერთი ციდა პლანეტაზე ვცხოვრობთ, პლანეტაზე, რომელიც ყველას სახლია და აქ ადამიანებისთვის მთავარი ჯანმრთელობა და გონება უნდა იყოს. არადა, მატერიალურ ცხოვრებაზე, ერთმანეთის წართმევაზე, შემოღობვაზე (ქვეყნების თუ სიტუაციის) არიან გადასული. ამ დროს შეგვიძლია დედამიწის მთლიანი რესურსი ერთობლივად გამოვიყენოთ. ამაზე გადართვა, ჩემი აზრით, უმთავრესია.
ნებისმიერი ადამიანის გაგება შევძელი, ზოგის ცოტა ადრე, ზოგის - ცოტა გვიან. მთლიანობაში ასეთი სურათია - როგორი განწყობით მიუდგები საქმეს, ადამიანებს, ადრე თუ გვიან ისე მოგიდგებიან შენ. მე თუ პოზიტივით და სიყვარულით ვუდგები სიტუაციას, შეიძლება სრულიად სხვანაირი იყოს ადამიანი, მაგრამ ადრე თუ გვიან ასევე მოგიდგება, თუ არადა, გაერიდები. თუმცა მისი მაინც მესმის, ასეთია და მორჩა...
- გასაოცარი და მძაფრი ემოციები რამ მოგგვარა?
- საერთოდ მოძრავი წყალი დიდ ემოციას მგვრის. ყოველთვის მაღალ ტალღაზე ავყავარ. ძირითადად ჩანჩქერები მიზიდავს, ან ისეთი ტალღები კლდეს რომ უშხაპუნებს, ეგ ძალიან დიდ ადრენალინს მაძლევს.
მძაფრი ემოციები ჩემ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებულად ჟღერდეს, მაგრამ სიმძაფრე მაშინაა, როცა პასუხისმგებლობები მაქვს აღებული და რაიმე საქმეს ვაკეთებ. ამიტომ პასუხისმგებლობებს არ ვიღებ, რადგან ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. როდესაც ადამიანს შეხვედრას დავუთქვამ, ძალიან ადრე მივდივარ. ყველა გამონაკლისს შემთხვევას ვითვალისწინებ. მერე ფეხითაც რომ მომიწიოს მისვლამ, მაშინაც კი რომ მოვასწრო. აი, მაგ დროს ვარ მწვავე ემოციებში. თუნდაც ფრენა რომ მაქვს აეროპორტში, ძალიან ადრე მივდივარ. როცა პასუხისმგებლობა არავისზე არ მაქვს, მაშინ თავისუფლად ვარ.
- ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო და როგორ გადალახე?
- როგორც თავგადასავლების მოყვარულისთვის ბუნებაში, ჯუნგლებში, ცხოველებთან ყოფნა ჩემთვის არაფერია, ჩვეულებრივი რამ არის. ასეთ გარემოში ჰარმონიულად ვარ. რაც სხვისთვის გასაოცარია, ჩემთვის ჩვეულებრივია. გამოწვევები უფრო ადამიანებს უკავშირდება, როდესაც მაგალითად, ვინმესთან ერთად ვმოგზაურობ. ხანდახან ისე ხდება, რომ სრულიად სხვადასხვა პიროვნებები ვართ. არადა, რა გინდა, რომ ქნა, დაგეგმილი გაქვს ის ერთი კვირა, გინდა თუ არა, მასთან ერთად უნდა იყო. ბილეთი ნაყიდია და სასტუმრო დაჯავშნილი. აი, მაგ დროს ყველაზე მძიმედ ვგრძნობ თავს. მაგ კუთხით შარშან დიდი გამოწვევა მქონდა. როგორც ასტროფსიქოლოგი ადამიანებს პერიოდულად ვმკურნალობ ხოლმე და ერთ-ერთ ადამიანზე მითხრეს, - ყველაფერი გააკეთა, არაფერი ეშველა და იქნებ დაეხმაროო. მასთან ერთად ფაქტობრივად კრუიზში წავედი. იმაზე რთული სიტუაცია აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ადამიანს გაორება ჰქონდა. ერთ საათში დაუცველი იყო და მეორე საათში ზემოდან გიყურებდა, თავი მსოფლიო მმართველი ეგონა. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ლამის მე გავხდი ფსიქოლოგიურად დასახმარებელი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ბოლომდე როდის და როგორ მივიყვან ამ საქმეს-თქო. თან აზარტიც იყო, რომ როგორ შევძლებდი მისი მდგომარეობიდან გამოყვანას.
- ასე ცხოვრების აწყობა-მოწყობა მაინც რამ შეგაძლებინა?
- ნაბიჯის გადადგმამ. საქმეს არასდროს გადავდებ. თუ რაიმე მინდა, იმ წუთას უნდა გავაკეთო. ეს არის რამაც შემაძლებინა. რაზეც დიდხანს დავფიქრებულვარ, სწორად როგორ გამეკეთებინა, ამიწონ-დამიწონია, ამდენ ფიქრში აღარ მდომებია იმ საქმის გაკეთება. ასე რომ, ყოველწამიერი მოქმედებებით მივდიოდი მიზნამდე. თუ მაგალითად, გადავწყვეტ, რომ წავივარჯიშო, აზიდვები გავაკეთო, ღამეა, დილაა, ქუჩაში ვარ თუ სად, უნდა გავაკეთო... მოძრაობა და მოძრაობა არის ჩემი მთავარი მომენტი იმიტომ, რომ რაც არ უნდა არასწორს ვაკეთებდე, იმ შეცდომებზე ვსწავლობ.
- 40 წლის გავხდი და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებაო, რას ნიშნავს ეს - რა ეტაპზე გადადიხარ? რას აპირებ?
- ჩემთვის კონკრეტული ციფრს მნიშვნელობა არ აქვს, ახლა უბრალოდ ასე დაემთხვა. აქამდე ყველა ის “ცხოვრება“ ვიცხოვრე, რაც მინდოდა. ვიყავი ასტროფსიქოლოგი, მოცეკვავე, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, მოგზაური, წიგნების ავტორი. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ახლა მხოლოდ ერთი დიდი, გლობალური მიზანი მაქვს, - მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოვახდინო, რომ კაცობრიობის ცხოვრება მეტად ბედნიერი და ჰარმონიული გავხადო... ის მთავარი, რასაც მე მივაგენი, მინდა იმის მიგნებაში ხალხსაც დავეხმარო. არსებობს განვითარების სამი მიმართულება ჩემი ფორმულის NIXOLOGY მიხედვით - ფიზიკური, გონებრივი და სულიერი. სამივეს თანაბარი განვითარება უნდა მოხდეს, რომ იყოს ჰარმონია. მხოლოდ თანაბარი განვითარება, სხვა შემთხვევაში ბალანსი დაირღვევა. ეს ჩემთვის მთავარია.
- მსოფლიო პოლიტიკა ახსენე - რას გულისხმობ?
- ქვეყნებს საკმარისი რესურსის მოპოვება შეუძლიათ თუ ერთმანეთის პლუსებს განსავითარებდლად გამოიყენებენ. არა იმას, რომ ერთმანეთის ჩაძირვით თუ აფეთქებებით და რესურსების დაზიანებით საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინონ. მინდა, სამყაროს მთელი რესურსი ყველა ქვეყანაზე გადანაწილდეს. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდი, შევქმენი ორგანიზაცია, ფონდი ჩამოვაყალიბე და ახლა მსოფლიოს დიდ ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს დავიწყებ...
ბოლო წიგნი ტრანსფორმაციაზე დავწერე. გამოსაცემადაა გამზადებული. აღვწერე ის, რომ ადამიანს რამდენნაირი “ცხოვრება“ შეუძლია იცხოვროს. თუ თვითონვე არ შევიზღუდავთ თავს, თითოეულს უამრავი შესაძლებლობა გვაქვს...