შარლიზ ტერონმა ახალ ინტერვიუში გაიხსენა როგორ მარტოსულად გრძნობდა თავს მას შემდეგ, რაც დედამისმა მამას თავდაცვის მიზნით ესროლა და მოკლა.
ოსკაროსანმა მსახიობმა New York Times-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა 1991 წელს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც მასა და დედამისს დაღი დაასვა: "ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე უფრო ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ, რათა ასეთივე სიტუაციაში მყოფმა ადამიანებმა თავი მარტოსულად აღარ იგრძნონ",- ამბობს შარლიზი ინტერვიუში. "მსგავსი ისტორია არასდროს მსმენია. როცა ეს შეგვემთხვა, გვეგონა რომ ასეთი რამ სხვას არავის დამართნოდა, მაგრამ ახლა ეს აღარ მაწუხებს".

50 წლის მსახიობი ყვება, რომ ის და დედამისი, გერდა ჯეკობა ალეტა მარტიზი კინოში წასვლის შემდეგ ბიძის სახლში დაბრუნდნენ, როცა მამა, ჩარლზი მასზე გაბრაზდა: "ძალიან მინდოდა საპირფარეშოში, ამიტომ სახლში შევედი თუარა, მიუსალმებლად შევვარდი საპირფარეშოში, სწორედ ამან გააბრაზა მამა, იფიქრა, რომ ჩემი მხრიდან ეს უზრდელობა იყო".
მისი განმარტებით, სამხრეთ აფრიკაში ბავშვებისგან უფროსების მიმართ ყოველთვის პატივისცემით მოქცევას ელიან:" რატომ არ გაჩერდი მოსასალმებლად? თავი ვინ გგონია?!",- ეკითხებოდა იმ დროს 15 წლის შარლიზს მამა.
"ვიცოდი, ჩემზე გაბრაზებული იყო, ამიტომ დედას დავაბარე, როცა მამა სახლში დაბრუნდებოდა, მისთვის ეთქვა, რომ მეძინა",- შარლიზის თქმით, ეს მასთან გარდაუვალი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მოიფიქრა.
"ოთახში შევედი, შუქები ჩავაქრე. ძალიან მეშინოდა. ჩემი ფანჯარა ეზოს გადაჰყურებდა. მისი სიბრაზის ან იმედგაცრუების დონეს საჭეს როგორ მართავდა, იმით ვიგებდი",- მსახიობის თქმით, იმ ღამეს გრძნობდა, რომ რაღაც უბედურება უნდა მომხდარიყო. ის იხსენებს, რომ მამამისმა სახლის ზღურბლთან მისვლისთანავე ცეცხლი გახსნა, რა დროსაც ნათელი გახადა, რომ დედა-შვილის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

შარლიზის თქმით, მაშინ გაიაზრა სიტუაციის სიმძაფრე, როცა დაინახა, თუ როგორ გაიქცა დედა სეიფისკენ, იარაღი ამოიღო და შემდეგ გოგონას ოთახში დაბრუნდა: "ორივე ჩვენი სხეულებით ვცდილობდით კარის შეკავებას, რადგან მას საკეტი არ ჰქონდა. ამის შემდეგ მამამ უკან დაიხია და კარს მიღმა დაიწყო ჩვენი მიმართულებით სროლა: "საოცარია, რომ ერთი ტყვიაც არ მოგვხვედრია",- ამბობს ტერონი.
მოგვიანებით, ჩარლზი სეიფისკენ წავიდა, რა დროსაც, გერდამ კარი გამოაღო და შარლიზის ბიძას ესროლა, რომელიც მამას თან ახლდა. ტყვია ბიძას ხელში მოხვდა: " შემდეგ დედა მამას გაჰყვა, რომელიც ამ დროს იარაღის ამოსაღებად სეიფში იქექებოდა და ესროლა."

შარლიზის თქმით, ამ ტრაგიკული დღის შემდეგ, დედამისმა ცხოვრებაზე ხელი მაინც არ ჩაიქნია:"მეორე დილით სკოლაში გამიშვა და მითხრა, რომ ამ ამბავს როგორმე გადავაგორებდით. ეს ალბათ არ იყო ყველაზე გონიერი გზა, მაგრამ ჩვენთვის იმუშავა". შარლიზის თქმით, დედამისს სურდა ეს ამბავი დაევიწყებინა.
გერდას ბრალდება არ წაუყენეს - საბოლოოდ, სროლა თავდაცვად იქნა მიჩნეული.
"არ მრცხვენია ამ თემაზე საუბრის, რადგან ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხზე, მით ნაკლებად შეგვაწუხებს მარტოობა." ამბობდა მსახიობი.
წყარო: pagesix.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა