ავტორი:

აშშ-მა ირანულ გემს რამდენჯერმე ესროლა - ირანი აცხადებს, რომ მათ გემბანზე ამერიკელი ჯარისკაცები განლაგდნენ და საპასუხო ზომები იქნება: ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან

აშშ-მა ირანულ გემს რამდენჯერმე ესროლა - ირანი აცხადებს, რომ მათ გემბანზე ამერიკელი ჯარისკაცები განლაგდნენ და საპასუხო ზომები იქნება: ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც მისი საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა.

  • სარდლობამ განაცხადა, რომ USS Spruance-მა ირანის დროშის ქვეშ მცურავი Touska მოიგერია, როდესაც ის ბლოკადის დარღვევით ირანის პორტისკენ მიემართებოდა.

მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც Touska-ს ეკიპაჟმა ექვსი საათის განმავლობაში არ გაითვალისწინა გაფრთხილებები, Spruance გემს ძრავის ოთახიდან ევაკუაციის ბრძანება მისცა. ამის შემდეგ კი Spruance-მა ძრავის ოთახისკენ რამდენიმე გასროლით ტუსკას ძრავა გამორთო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, აშშ-მა გაბრუნების და ირანის პორტში დაბრუნების მითითება 25 კომერციულ გემს მისცა.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Touska აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშაა. “TOUSKA აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშაა უკანონო საქმიანობის წარსული ისტორიის გამო. ჩვენ გვაქვს გემის სრული კონტროლი და ვაკვირდებით, რა არის ბორტზე!“- დაწერა ტრამპმა.

  • ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, აშშ-ის ძალების მიერ ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემის დაკავებას უპასუხებენ. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“აგრესორი შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით და საზღვაო გზის ძარცვით, ომანის ზღვის წყლებში ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს “, - აღნიშნულია ირანის სამხედრო ძალების განცხადებაში.

  • მათი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა გემის სანავიაგაციო აღჭურვილობა და გემბანზე ჯარისკაცები განალაგა, “რაც აგრესიის აქტის განხორციელებაა“.

“ვაფრთხილებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე უპასუხებენ და საპასუხო ზომებს მიმართავენ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.