ავტორი:

ავსტრიაში HiPP-ის საბავშვო საკვებში ვირთხის წამალი აღმოაჩინეს, თუმცა ამას არა წარმოებას, არამედ კრიმინალს უკავშირებენ - "ქილაში უცხო ნივთიერება ხელოვნურად იყო შეყვანილი"

ავსტრიაში HiPP-ის საბავშვო საკვებში ვირთხის წამალი აღმოაჩინეს, თუმცა ამას არა წარმოებას, არამედ კრიმინალს უკავშირებენ - "ქილაში უცხო ნივთიერება ხელოვნურად იყო შეყვანილი"

ავსტრიის პოლიცია მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რადგან მედიის ცნობით, ცნობილი ბრენდის, HiPP-ის საბავშვო საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის წამლის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

შემთხვევა ბურგენლანდის რეგიონში დაფიქსირდა.

  • პოლიციის განმარტებით, მათ მოწამლული სტაფილოსა და კარტოფილის პიურეს საბავშვო საკვების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. საბედნიეროდ, ბავშვს საკვები არ მიუღია. დათვალიერებისას გაირკვა, რომ ქილა წინასწარ იყო გახსნილი და მასში უცხო ნივთიერება ხელოვნურად იყო შეყვანილი.

სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ გაყიდვაში სულ მცირე კიდევ ერთი ქილა არის დარჩენილი, რომელშიც მოწამლული საკვებია.

HiPP-ის რეაქცია და პროდუქციის გაწვევა

შაბათს კომპანია HiPP-მა ავსტრიის Spar-ის ქსელიდან პიურეების მთელი ასორტიმენტი გაიწვია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი პრევენციულია, რადგან პროდუქტის მოხმარება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

"პროდუქციის გაწვევა არ უკავშირდება წარმოების ხარისხს ან ქარხნულ დეფექტს. ეს არის კრიმინალური აქტი, რომელსაც სამართალდამცავები იძიებენ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რეკომენდაციები მშობლებისთვის

ავსტრიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სააგენტომ მშობლებს ურჩია, ყურადღება მიაქციონ შემდეგ ნიშნებს:

  • დაზიანებული ან ღია თავსახური;
  • უსაფრთხოების დაკარგული ლუქი;
  • უჩვეულო სუნი;
  • თეთრი სტიკერი წითელი წრით ქილის ფსკერზე.

თუ ბავშვმა უკვე მიიღო აღნიშნული საკვები და აღენიშნება სისხლდენა, ძლიერი სისუსტე ან სიფერმკრთალე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დაზარალებული მაღაზიათა ქსელები

მომხმარებლებს სთხოვენ, არ გამოიყენონ Eurospar, Interspar და Maximarkt-ში შეძენილი HiPP-ის ქილები და დააბრუნონ ისინი თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ სხვა მაღაზიებში გაყიდულ საკვებსა და HiPP-ის რძის ფორმულებს (ფაფებს) საფრთხე არ ემუქრება.

სხვა შემთხვევები ბაზარზე

ეს ინციდენტი საბავშვო კვების ბაზარზე ბოლო თვეებში მომხდარ სხვა სკანდალებს მოჰყვა. იანვარ-თებერვალში Nestle-მ და Danone-მა 60-ზე მეტ ქვეყანაში გაიწვია რძის ფორმულები ტოქსინით (cereulide) დაბინძურების გამო. დიდ ბრიტანეთში ამ მიზეზით 36 ჩვილი მოიწამლა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია.

წყარო