ავტორი:

ორბანი, ალიევი, ერდოღანი?.. - ვისი შუამავლობით შეიძლება ცდილობდეს "ქართული ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას

ორბანი, ალიევი, ერდოღანი?.. - ვისი შუამავლობით შეიძლება ცდილობდეს "ქართული ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას

როგორც ცნობილია, უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. მოგეხსენებათ, "ქართული ოცნებისა" და ორბანის მოკავშირეობას. აქამდე აშკარად ჩანდა, რომ ორბანი არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური პარტნიორი, ის ასრულებდა ერთგვარი ხიდის როლს ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-თან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკურ ფრთასთან დასაკავშირებლად. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, თბილისშიც გააცნობიერეს, რომ ორბანის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი იყო. კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ახლა ფსონი ილჰამ ალიევზე დადო. არაოფიციალური ინფორმაციით, ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა. რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდეს ის მთავარი შუამავალი, რომელიც ივანიშვილსა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის დაზიანებულ კომუნიკაციას აღადგენს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ამ საკითხის ანალიზისას მნიშვნელოვანია დავინახოთ ერთიანი ჯაჭვი. მე ალიევის აქტიურობასა და მის ვიზიტს პირდაპირ კავშირში განვიხილავ საგარეო ვექტორის მომდევნო სვლასთან - კერძოდ, პრემიერ კობახიძის ვიზიტთან თურქეთში და მის შეხვედრასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემი ღრმა რწმენით, კობახიძის თურქული ვოიაჟი სწორედ ალიევის მიერ მომზადებული ნიადაგის გაგრძელება იყო. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალი ხიდის გადებას და იმ იზოლაციიდან გამოსვლას, რომელშიც დღეს მმართველი გუნდია.

უნდა გვესმოდეს იერარქია: ილჰამ ალიევი ნამდვილად არის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში საჭირო და ანგარიშგასაწევი ფიგურა დასავლეთისთვის, მაგრამ ერდოღანი სულ სხვა წონითი კატეგორიაა. ის ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერია, ჰყავს რეგიონში უძლიერესი არმია და მისი გავლენა ვაშინგტონზე ბევრად აღემატება უნგრეთისას ან აზერბაიჯანისას.

თუ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად სჭირდება ძლიერი შუამავალი, თურქეთი ამისთვის ბევრად უფრო ეფექტიანი და წონიანი კანდიდატია.

ალიევის ვიზიტი საქართველოში და მისი პირისპირ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სავარაუდოდ, უფრო ღრმა შინაარსის იყო, ვიდრე უბრალოდ "მეგობრული ვახშამი". საუბარი შეეხებოდა არა მხოლოდ მოსალოდნელ სანქციებს და ფინანსურ უსაფრთხოებას, არამედ ფუნდამენტურ საკითხს: რამდენად სანდო პარტნიორია დღეს საქართველოს ხელისუფლება? ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ ბოლო წლებში განიცადა უდიდესი დანაკარგი - ეს არის ნდობის ფაქტორის სრული განულება საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩემი აზრით, ალიევი ამ შეხვედრაზე ერთგვარად "დაზვერვის" ფუნქციას ასრულებდა - ის სინჯავდა ნიადაგს, რათა გაეგო, რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს დასავლეთს ივანიშვილთან და, რაც მთავარია, რამდენად შეიძლება ივანიშვილის სიტყვის ან პირობის დაჯერება. დღეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში მთავარი ბარიერი სწორედ ნდობის დეფიციტია. როდესაც შენს სტრატეგიულ პარტნიორებს პირობას აძლევ და შემდეგ მას საჯაროდ აუქმებ, ნებისმიერი შუამავალი, იქნება ალიევი თუ ერდოღანი, უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ

ახლა ცდილობენ სწორედ რეგიონული ლიდერების მეშვეობით მოხდეს გარკვეული გარანტიების მიცემა დასავლეთისთვის, რათა "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური გადარჩენის შანსი შეინარჩუნოს. წაიკითხეთ სრულად