კოალიციამ “პროგრესული ბულგარეთი“, რომელსაც სათავეში ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი უდგას, ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, კოალიცია დეპუტატთა მანდატების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.
მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის ცენტრისტულ-პოპულისტური კოალიცია ГЕРБ-СДС (13,4%).
მესამე ადგილი პარტია “ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და კოალიცია “დემოკრატიული ბულგარეთის“ ბლოკმა მოიპოვა (ПП-ДБ) 12,6%-ით.
გარდა დასახელებული ძალებისა, პარლამენტში 4%-იანი ბარიერი კიდევ ორმა გაერთიანებამ გადალახა: ესენია “მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“ (ДПС), რომელიც თურქული უმცირესობის ინტერესებსაც წარმოადგენს (6,76%) და ულტრანაციონალისტური პარტია “აღორძინება“ (4,3%). მისი ლიდერს, კოსტადინ კოსტადინოვს, არაერთხელ გაუკეთებია განცხადებები რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე.

რუმენ რადევმა, რომელსაც ოპონენტები ევროსკეპტიკოსსა და პრორუს პოლიტიკოსს უწოდებენ, უბნების დახურვის შემდეგ ევროკავშირში ბულგარეთის ადგილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ევროპა უნდა შეიცვალოს“.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბულგარეთი ძალისხმევას არ დაიშურებს ევროპულ გზაზე დასარჩენად, მაგრამ მერწმუნეთ, ძლიერ ბულგარეთს ძლიერ ევროპაში კრიტიკული აზროვნება და პრაგმატიზმი სჭირდება,“ - ციტირებს Reuters რადევის სიტყვებს.