"ადამიანისთვის ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი, კაცობრიობისთვის კი - უზარმაზარი ნახტომი“, - ეს ლეგენდად ქცეული ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის ისტორიული სიტყვებია, რომელიც 1969 წლის 20 ივლისს, მთვარეზე ფეხის დადგმისას წარმოთქვა.
ეს არ იყო მხოლოდ სამეცნიერო ტრიუმფი, "ცივი ომის" დაძაბულობის" ფონზე მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
წარმოიდგინეთ, დღეს, როცა "არტემისი II"-ის მისიას ასეთი ინტერესით ვაკვირდებით, ბევრი რამ გვაოცებს, იმ ეპოქაში რას ნიშნავდა საზოგადოებისთვის მთვარეზე ადამიანის ჩასვლა - ეს იყო კაცობრიობის შესაძლებლობის საზღვრის გადალახვა, ახალი ეპოქის დასაწყისი, სადაც კოსმოსი მიუწვდომელი სივრცე კი არა, დანიშნულების ადგილი გახდა.
"ცივი ომის“ ეპოქაში "აპოლო 11"-ის მისია აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე კოსმოსური რბოლის კულმინაცია იყო.
მისიის ემბლემა იყო თეთრთავიანი არწივი ზეთისხილის რტოსთან ერთად, რაც მშვიდობიანი დაშვების სიმბოლოს წარმოადგენდა. ეკიპაჟის სამივე წევრს მანამდე უკვე ჰქონდა კოსმოსში ფრენის გამოცდილება.
ხომალდი კოსმოსში Saturn V რაკეტით გაუშვეს, რომელიც ყველაზე დიდი და მძლავრი რაკეტაა, რაც კი ოდესმე აგებულა. მისი სიმაღლე 100 მეტრზე მეტი იყო და გაშვებისას წამში 20 ტონა საწვავს მოიხმარდა. კოსმოსური ხომალდი სამი ნაწილისგან შედგებოდა:
აღსანიშნავია, რომ ასტრონავტების სათავსო (სამუშაო მოდული) საკმაოდ ვიწრო იყო და მისი სიგანე ყველაზე ფართო წერტილში მხოლოდ 3.9 მეტრს შეადგენდა. ეს ადგილი კლაუსტროფებისთვის ნამდვილად არ იყო. Apollo 11-ის ასტრონავტებმა ამ კაბინაში რვა დღე ერთად გაატარეს. გაშვების და დაჯდომის დროს მიმაგრებულნი იყვნენ სკამების მსგავს ადგილებზე.

არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა მთვარის ზედაპირზე და წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: "ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის“.
ასტრონავტებმა მთვარეზე დაახლოებით 2.5 საათი გაატარეს.
შეასრულეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო დავალება:
აღსანიშნავია, რომ ამ ნიმუშების კვლევის შედეგად მეცნიერებმა სამი, მანამდე უცნობი მინერალი აღმოაჩინეს.
ნილ არმსტრონგი საზოგადოებისთვის იყო როგორც დიდებული, ისე მითური ფიგურა. როცა მსოფლიო ტელევიზორების ეკრანებთან გაოცებული ადევნებდა თვალს მოვლენას, რომელმაც ადამიანი პირველად მიიყვანა სხვა სამყაროს ზედაპირზე, ის თითქოს ერთდროულად იყო ერთი კონკრეტული ადამიანი და ამავე დროს - მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი.
"ოლიმპიური სიმშვიდე" - ამ ფრაზას ხშირად იყენებდნენ ნილ არმსტრონგზე საუბრის დროს და ამბობდნენ, რომ ვერ შეხვდებოდით მის მსგავს მშვიდ ადამიანს. საინტერესოა, რომ ამ ხმაურიანი მისიის შემდეგ, ის თანდათან გაქრა მედიის რადარებიდან და სიმშვიდეში ცხოვრება აირჩია.

ეს "რკინის ნერვების" მქონე კაცი, გამანადგურებლის ყოფილი მფრინავი, ძალიან მორცხვი ადამიანი ადამიანი იყო. 1971 წელს NASA დატოვა და დიდი სცენის ნაცვლად ოჰაიოს პატარა სოფელში ცხოვრება აირჩია - სოფლის მშვიდი ცხოვრება მისთვის უფრო ბუნებრივი ჩანდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ცოტას ლაპარაკობდა და მთავარ მიზნად თავისი ქვეყნის სამსახურს თვლიდა.
ავიაციის ბრიტანელი კორესპონდენტი, რეგ თარნილი მას ასე აღწერდა: "არმსტრონგი იყო თავშეკავებული და განმარტოებული ადამიანი, რომელსაც მოჰბეზრდა ერთი და იგივე კითხვა - "როგორია იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი?" ამიტომ, ინტერვიუებზე უარი თქვა". მიუხედავად ყველაფრისა, ოჰაიოს სოფელშიც კი ვერ გაექცა ყურადღებას. მაგალითად, 2005 წელს ერთ-ერთმა დალაქმა მისი თმის ნარჩენები 3000 დოლარად გაყიდა, რის გამოც არმსტრონგმა მას უჩივლა.
ნილ არმსტრონგი 2012 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მისიის შემადგენლობაში მყოფი კიდევ ერთი ასტრონავტი იყო ბაზ ოლდრინი. ვიდრე ასტრონავტი გახდებოდა, ის გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტი იყო. 1969 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 20 წუთში მას შემდეგ რაც ნილ არმსტრონგმა უკვე დადგა ფეხი მთვარეზე, ბაზ ოლდრინის ჯერიც მოვიდა.
ის გამოვიდა კოსმოსური ხომალდის მთვარის მოდულიდან და გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა
ოლდრინის პირველი სიტყვები ასეთი იყო - "ლამაზი ხედია".
შემდეგ მას არმსტრონგმა უთხრა: "ეს ხომ საოცრებაა?! აქ განსაცვიფრებელი სანახაობაა", რაზეც ოლდრინის პასუხი ასეთი იყო: "განსაცვიფრებელი სიცარიელე".
საინტერესოა ერთი დეტალი, ოლდრინს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ის იყო არა პირველი, არამედ მეორე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი, კოლინსი მოგვიანებით ასე იხსენებდა: "ოლდრინი იმაზე მეტად განიცდიდა, რომ პირველი არ იყო მთვარეზე, ვიდრე აფასებდა იმას, რომ მეორე იყო".
მართალია, ოლდრინს პირველობა სურდა, თუმცა მაინც ამაყობდა თავისი მიღწევით. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ერთმა კაცმა მას უთხრა, რომ "აპოლო 11" უბრალოდ კარგად დაგეგმილი ტყუილი იყო და რეალურად, არანაირი მთვარეზე მისია არ არსებობდა, 72 წლის ოლდრინმა მას სახეში გაარტყა.

2012 წელს როდესაც ნილ არმსტრონგი გარდაიცვალა, ოლდრინმა თქვა: "მილიონობით ადამიანთან ერთად ვგლოვობ ნამდვილ ამერიკელ გმირს და საუკეთესო პილოტს, რომელსაც ოდესმე ვიცნობდი.“
მაიკლს მართალია, ფეხი არ დაუდგამს მთვარეზე, მაგრამ ის ეკიპაჟის უმნიშვნელოვანესი წევრი იყო. ამ მისიის დროს, როდესაც ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარეზე სეირნობდნენ და როდესაც კაცობრიობა მათ შესახებ საუბრობდა, კაფსულაში მარტო მყოფი კოლინსი მთვარის ორბიტაზე ბრუნავდა და დედამიწასთან კავშირს 48 წუთის განმავლობაში სრულიად მოწყვეტილი იყო. მაშინ ადამიანებმა მას "სამყაროში ყველაზე მარტო მყოფი ადამიანი" უწოდეს.
"მე ვიყავი ნავიგატორი, მართვისა და კონტროლის სპეციალისტი", - წერდა მოგვიანებით კოლინსი. ოლდრინის შეფასებით, ის იყო მართვის მოდულის საუკეთესოდ მომზადებული პილოტი იყო.
"ჩვენ ვიყავით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები და ეროვნული სირცხვილი იქნებოდა შეცდომა რომ დაგვეშვა", - ამბობდა კოლინსი.
ჯერ კიდევ "აპოლო 11"-ის გაფრენამდე, კოლინსმა გადაწყვიტა, რომ თუ მისია წარმატებით დასრულდებოდა, ეს მისი ბოლო ფრენა იქნებოდა. მოგვიანებით მან დატოვა სამხედრო-საჰაერო ძალები პოლკოვნიკის წოდებით, მცირე ხნით იმუშავა რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ. ის 2021 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.
ახლა, როდესაც ტექნოლოგიები ასეთი განვითარებულია, როცა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, მეცნიერებისთვის მუშაობა გაცილებით უფრო მარტივია, თუმცა "აპოლო 11"-ის მისიის დროს ადამიანის გონებას გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა. ამ მისიის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს მათემატიკოსმა ქალებმა, რომლებსაც "ადამიან-კომპიუტერებს" უწოდებდნენ.
მათ შორის იყო კეტრინ ჯონსონი, რომელიც ტრაექტორიების გამოთვლაში მონაწილეობდა. მარგარეტ ჰემილტონის გუნდის მიერ შექმნილმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ კი უსაფრთხო დაშვება უზრუნველყო.
უსაფრთხოების მიზნით, ასტრონავტებმა 21 დღე კარანტინში გაატარეს, რათა გამოერიცხათ დედამიწაზე მთვარის შესაძლო მიკროორგანიზმების მოხვედრა.
"აპოლო 11“-ის წარმატებამ იმ პერიოდში დაამტკიცა აშშ-ის ტექნოლოგიური უპირატესობა და საფუძველი ჩაუყარა მთვარის შემდგომ კვლევებს.
მთვარეზე დარჩა დაშვების კვალი და დაფა წარწერით:
"1969 წლის ივლისში აქ ადამიანებმა პლანეტა დედამიწიდან პირველად დადგეს ფეხი. ჩვენ მოვედით მშვიდობით მთელი კაცობრიობისთვის“.