ავტორი:

სროლა უძველეს პირამიდებთან მექსიკაში: მოკლულია კანადელი ტურისტი - დამნაშავე, რომელმაც თავი მოიკლა, პირამიდის წვერზე იდგა და იქიდან ესროდა ადამიანებს

სროლა უძველეს პირამიდებთან მექსიკაში: მოკლულია კანადელი ტურისტი - დამნაშავე, რომელმაც თავი მოიკლა, პირამიდის წვერზე იდგა და იქიდან ესროდა ადამიანებს

მექსიკაში, მეხიკოს მახლობლად, თეოტიუაკანის ერთ-ერთ პირამიდასთან მომხდარი სროლის შედეგად კანადის მოქალაქე დაიღუპა, თავად თავდამსხმელმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონაში მოხდა.

თეოტიუაკანი უძველესი ქალაქია, რომელიც აცტეკებამდე არსებობდა და თავისი მასშტაბური პირამიდებითაა ცნობილი.

მექსიკის ხელისუფლების მონაცემებით, მეხიკოდან ერთი საათის სავალზე მდებარე თეოტიუაკანის არქეოლოგიურ ზონაში სროლისას 32 წლის კანადელი ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.

თავდამსხმელმა თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი პირამიდის - სავარაუდოდ, მთვარის პირამიდის მწვერვალიდან ისვრის. ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან კოლუმბიის ორი მოქალაქე, ერთი კანადელი და ერთიც რუსეთის მოქალაქე.

ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ კანადის საელჩოსთან მუდმივ კავშირზეა.

"ის, რაც დღეს თეოტიუაკანში მოხდა, ჩვენთვის უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

შვიდი კვირის შემდეგ, ზაფხულში, მექსიკა 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება. როგორც Reuters აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ ეს მოვლენა მილიონობით უცხოელ ტურისტს მიიზიდავს, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება ძირითად ტურისტულ და კულტურულ ობიექტებზე უსაფრთხოებას დაეთმობა.

"დაიწყო მასობრივი ჭყლეტა და პანიკა, ყველა ერთდროულად გაიქცა“, - უთხრა BBC-ს ბრიტანელმა წყვილმა, რომელიც თეოტიუაკანის პირამიდებთან სროლის მომენტს აღწერდა.

BBC-ის რესპონდენტებმა თავიანთი ტურისტული ჯგუფი დაარწმუნეს, რომ სროლის შემდეგ ტერიტორია დაეტოვებინათ, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ბილეთების კონტროლის ჭიშკართან მისულებმა დაინახეს, რომ ტურისტები ტერიტორიაზე შესვლას კვლავ აგრძელებდნენ.

"არანაირი კოორდინირებული ევაკუაცია არ ყოფილა - ვხედავდით, როგორ დარბოდნენ თანამშრომლები, მაგრამ არავინ გვეუბნებოდა, რომ გავცლოდით იქაურობას“, - ჰყვებიან ისინი. აღსანიშნავია, რომ შესვლისას მათი ზურგჩანთები არავის შეუმოწმებია.

  • თეოტიუაკანის პირამიდები და ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ხელისუფლება აცხადებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს აქ ტურისტებისთვის ღამის შოუ უნდა გამართულიყო.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ასევე საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა დაადასტურა, რომ ინციდენტის შედეგად დაიღუპა მათი ქვეყნის ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე კი დაიჭრა. თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ხელისუფლება მისი ქცევის მოტივებზე არ საუბრობს.

მანამდე, მიმდინარე წლის დასაწყისში, მექსიკის მთავრობა იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების პრობლემები არ შეიქმნებოდა - მაშინ, როცა კარტელ "ხალისკოს ახალი თაობის“ მებრძოლებმა ორმხრივი სროლები და ბარიკადების დაწვა დაიწყეს მათი ლიდერის, ნემესიო ოსეგერას (ცნობილი როგორც "ელ მენჩო“) მკვლელობის შემდეგ.

თეოტიუაკანში მომხდარი სროლა, როგორც ჩანს, ნარკოვაჭრობასთან კავშირში არ არის. მექსიკა გეგმავს, რომ ზაფხულის ტურნირის დროს გულშემატკივრების დასაცავად დაახლოებით 100 ათასი სამართალდამცველი ჩართოს, რადგან ქვეყანაში ნარკოკარტელების მხრიდან ძალადობა კვლავ გრძელდება, აღნიშნავს BBC.