ნანული შევარდნაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უმცროსი შვილიშვილი, რომელიც წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს, მუშაობს და ხელოვნების სამყაროში სულ უფრო აქტიურად იმკვიდრებს თავს. პარიზში დაბადებულმა გოგონამ, რომელმაც ბავშვობაშივე განაცხადა - "ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეცო“, პირობა შეასრულა. ამჯერად ის საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც სცენარისტი, იდეის ავტორი და კინოპროდიუსერი წარსდგა.
ნანულიმ სოციალურ ქსელში საზოგადოებას გაუზიარა თავისი ახალი ნამუშევრის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის "BIG NOSE“ ("დიდი ცხვირი") ტრეილერი. როგორც თავად აღნიშნავს, ეს არის ერთგვარი "უცნაური, კომედიური და გიჟური სიყვარულის წერილი“ საკუთარი თავის, საკუთარი ცხვირისა და იმ კომპლექსების მიმართ, რომლებსაც ადამიანები მთელი ცხოვრება ვატარებთ. ფილმის პრემიერა, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე შედგა, მისი შემოქმედებითი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია.
"იმედი მაქვს, საბოლოოდ შევძლებთ ვიპოვოთ სიყვარული ჩვენი სხეულის იმ დაუცველი, წვეტიანი თუ უცნაური ნაწილების მიმართ, რაც ზოგჯერ გვაშინებს“, - წერს ნანული.

ფილმში ნანული მთავარ როლს, ტორის ასახიერებს. პროექტი Left Hand Charlie Productions-თან თანამშრომლობით შეიქმნა და მასში ნიუ-იორკელი არტისტების მთელი გუნდი მონაწილეობს.
კინოს პარალელურად, შევარდნაძე აქტიურია თეატრალურ სცენაზეც. მან მონაწილეობა მიიღო ბრაიან ფრილის ცნობილ პიესაში "Dancing at Lughnasa“, რომელიც რეჟისორმა მიგელ ბრეგანტემ დადგა.

ნანული აღნიშნავს, რომ ამ შემოქმედებით გუნდთან მუშაობა მისთვის დიდი პატივი და სიამოვნება იყო. სპექტაკლი, რომელიც უკვე წარმატებით იქნა ნაჩვენები მაყურებლისთვის, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მრავალფეროვან არტისტულ ბუნებას.

შეგახსენებთ, რომ ნანული შევარდნაძე პარიზში გაიზარდა, დაამთავრა NYU Tisch-ის ხელოვნების სკოლა და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჟურნალისტიკაშიც ჰქონდა გამოცდილება (სტაჟირება გაიარა ფრანგულ "ევროპა 1-ში“), მის მთავარ გატაცებად მაინც დრამა და მწერლობა დარჩა.
ის თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, თუმცა, როგორც ცნობილია, თავისი უფროსი დისგან, სოფო შევარდნაძისგან განსხვავებით, რუსული არ იცის. დღეს ნანული სრულიად დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას გადის მსოფლიოს კულტურულ ცენტრში და, როგორც ჩანს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო პრემიერა ელის.
წაიკითხეთ ასევე: