ავტორი:

"ტიტანიკის" სამაშველო ჟილეტი 900 ათას დოლარზე მეტად, რეკორდულ ფასად გაიყიდა

"ტიტანიკის" სამაშველო ჟილეტი 900 ათას დოლარზე მეტად, რეკორდულ ფასად გაიყიდა

შაბათს გამართულ აუქციონზე "ტიტანიკის" სამაშველო ჟილეტი 670 000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 904 500 აშშ დოლარი) გაიყიდა. დიდი ბრიტანეთის აუქციონის სახლის, Henry Aldridge and Son-ის ინფორმაციით, ნივთის საწყისი ფასი 250 000-350 000 ფუნტს შორის მერყეობდა, თუმცა საბოლოო ფასმა ამ ნიშნულს ბევრად გადააჭარბა.

ისტორიული ჟილეტი ლორა მაბელ ფრანკატელს ეკუთვნოდა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნივთს ანიჭებს ისიც, რომ ჟილეტზე დატანილია ფრანკატელისა და იმავე სამაშველო ნავში გადარჩენილი სხვა მგზავრების ხელმოწერები, რაც მას უნიკალურ ისტორიულ არტეფაქტად აქცევს.

ფრანკატელი ცნობილი მოდის დიზაინერის, ლუსი დაფ გორდონის მდივანი იყო და ჩიკაგოში სწორედ თავის დამსაქმებელთან და მის მეუღლესთან, კოსმო დაფ გორდონთან ერთად მიემგზავრებოდა. ტრაგედიას სამივე მათგანი გადაურჩა.

ლაინერი RMS Titanic 1912 წლის 10 აპრილს გაემგზავრა. იმ დროისთვის იგი ყველაზე დიდ სამგზავრო გემად ითვლებოდა. თუმცა, ოთხი დღის შემდეგ, ჩრდილო ატლანტიკაში აისბერგთან შეჯახების შემდეგ, გემი რამდენიმე საათში ჩაიძირა.

ბორტზე მყოფი დაახლოებით 2220 ადამიანიდან მხოლოდ 700-მდე გადარჩა, რაც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზღვაო ტრაგედიად ითვლება.