აბა, გამოიცანით, რა ღირს ნიშნობის ბეჭედი ანუ ჩვენში იგივე ბაჯაღლო? თუმცა, ვისაც ჯერჯერობით ეს არ გვჭირდება, შეგვიძლია თავი ამაზე ფიქრით არც დავიღალოთ. ვისაც გვჭირდება და ოქროს ბეჭედი მაინც უნდა შევიძინოთ, მათთვის თბილისის ვაგზლის ოქროს ბირჟაზე გავლაც კმარა, რომელიც უფროსი თაობის თვალწინ ყალიბდებოდა მიწისქვეშა ოქროს ვაჭრობიდან ერთიან ცენტრად. თუ სად "გაფრინდა" ოქროს ფასები, განსხვავდება ის თუ არა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, ამის შესახებ ოქროს ბირჟის მოვაჭრე ნანული ხარაიშვილი მოგვითხრობს. მის ხელში 25 წლის განმავლობაში ათეული კილოგრამობით ოქრომ გაიარა და კარგად იცის მომხმარებლის რეაქცია ოქროს ფასის მომატებასა თუ იშვიათ კლებაზე.
- ქალბატონო ნანული, მოველოდი, რომ როდესაც ოქროს ფასები გიგანტურად იზრდება, ოქროს ბირჟაზე მყიდველი აღარ იქნებოდა, თუმცა ხალხი ძველებურად არის. როგორ მოქმედებს ოქროს ფასის ზრდა ოქროს ბირჟაზე, მის მოვაჭრეებსა და მომხმარებელზე?
- ბოლო წლებში ოქროს ფასი სულ იზრდება, თითქმის არასოდეს იკლებს, მაგრამ ოქრო იმის ოქროა, რომ მისი მყიდველი სულ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფასმა კატასტროფულად მოიმატა, მყიდველი მაინც სულ არის. ახლა ამბობენ, წლის ბოლომდე მატება 140%-მდე ავაო, მაგრამ მყიდველი მაინც იქნება.
სხვათა შორის, ოქროს ფასის მატებას ხანდახან მოვაჭრეებისთვის სარგებელიც მოაქვს, იმიტომ, რომ ოქროს მოყვარული ადამიანი ფიქრობს, ხვალ-ზეგ ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება, ამიტომ ოქროს ვიყიდი და შევინახავ, თუ გამიჭირდა, ხვალ უფრო მეტ ფასად გავყიდიო.
- ასეთი ბევრია?
- საკმარისად. გასულ წელს ოქრო შოკურად ძვირდებოდა, მაგრამ მყიდველი მაინც იყო, განსაკუთრებით ძველ ოქროზე, კომუნისტების დროინდელ 50-60-იანი წლების სამკაულებზე, რადგან მაღალი სინჯის ხარისხიანი ოქროა.
- ნუთუ იმდროინდელი ოქრო კიდევ დარჩა გასაყიდი? რამდენადაც ვიცი, 90-იანი წლებიდან, როდესაც ცხოვრება გაჭირდა, თითქმის ყველგან გამოიტანეს ოჯახებიდან ოქრო და რომ იტყვიან, ჩალის ფასად გაყიდეს, რათა საარსებო სახსარი მოეპოვებინათ.
- ყველას არ გაუყიდია, თორემ ახლა ხომ არ ჩაგვაბარებდნენ. არა მხოლოდ თბილისში, სხვა ქალაქებშიც არის მცირე ოქროს ბირჟები და ლომბარდები, სადაც უმეტესად ხანში შესული ადამიანები, რომელთაც ოჯახის წევრები აღარ ჰყავთ, ან ისე ვერ პატრონობენ, რომ თავის რჩენა შეძლონ, ოქროს სამკაულებს ყიდიან - ხალხი, რომელიც ახალგაზრდობაში მეტ-ნაკლებად უზრუნველად ცხოვრობდა და ხშირად ოქროს საჩუქრადაც იღებდა. იმ წლებში ოქრო ისეთი ძვირი არ იყო, როგორც ახლაა. სწორედ ახლახან ჩავიბარე 80 წლის ექიმი ქალისაგან ძვირფასი ბეჭედი ბრილიანტის ქვით, რომლის ფასი 7.000 ლარია. გააგრძელეთ კითხვა