კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია, - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
"კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია და მთლად, იმავე დღეს არ არსებულ თანამდებობაზე "დანიშნონ”.
ჭეშმარიტად, მხოლოდ მამუკა მდინარაძე შეიძლება ასეთი გასაოცარი ბიოგრაფიის პატრონი იყოს, მანამდე ალეკო ელისაშვილის მიერ ცხვირდაკორექტირებული”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.