საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] კურსის შეცვლა სურთ“, - განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში და აღნიშნა, რომ „გვსურს ჩვენი კავშირების გაღრმავება და მალე გავაგრძელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს“.