აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ახანგრძლივებს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის და ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თხოვნით, მოგვმართეს თხოვნით, შევაჩეროთ ირანზე თავდასხმა მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
“ამიტომ, მივეცი მითითება ჩვენს სამხედროებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში დარჩნენ მზადყოფნაში და შესაბამისად, გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ წინადადებას წარადგენენ და დისკუსიები დასრულდება, ასე თუ ისე“, - წერს ტრამპი.

“ფელდმარშალ სეიდ ასიმ მუნირის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენი თხოვნის კეთილგანწყობით მიღებისთვის“, - დაწერა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი განცხადებით, პაკისტანი გააგრძელებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების ძალისხმევას.
“გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას და შეძლებს ყოვლისმომცველი “სამშვიდობო შეთანხმების“ დადებას ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, კონფლიქტის სამუდამოდ დასრულების მიზნით“, - წერს პაკისტანის პრემიერი.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა.
“პირადი შეხვედრების შესახებ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას თეთრი სახლი გამოაცხადებს“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა BBC -თან.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსი ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად პაკისტანში ჩავიდოდა.

აშშ-ის პოზიციას, გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, “მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგებ ხრიკად“ აფასებს ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი.
“დამარცხებულ მხარეს პირობების კარნახი არ შეუძლია“, - აღნიშნა მაჰდი მოჰამადიმ.
მან აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის გაგრძელებას ალყა უწოდა და განაცხადა რომ ეს “არაფრით განსხვავდება დაბომბვისგან“.
მოჰამადის თქმით, ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება “მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგები ხრიკია“.
“დადგა დრო, რომ ირანმა ინიციატივა აიღოს“, - აღნიშნა მაჰდი მოჰამადიმ.
იხილეთ ასევე: