ავტორი:

სუხიშვილების "ოქროს თაობის" მოცეკვავე, "მფრინავი მოსიების" უმცროსი ძმა გარდაიცვალა - როგორ მოხვდა 16 წლის ბიჭი ლეგენდარულ ანსამბლში და რას ამბობდა უმცროსი ილიკოს ქორეოგრაფიაზე?

სუხიშვილების "ოქროს თაობის" მოცეკვავე, "მფრინავი მოსიების" უმცროსი ძმა გარდაიცვალა - როგორ მოხვდა 16 წლის ბიჭი ლეგენდარულ ანსამბლში და რას ამბობდა უმცროსი ილიკოს ქორეოგრაფიაზე?

გუშინ საქართველო, კონკრეტულად კი - სამეგრელო და ზუგდიდი დიდ ადამიანს - სუხიშვილების ე.წ. ოქროს თაობის მოცეკვავესა და მოგვიანებით უკვე - ქორეოგრაფს - ბატონ თამაზ მოსიას დაემშვიდობა, არადა სულ მალე 82 წლის უნდა გამხდარიყო - მაინც ენერგიულად იყო და მაინც ცეკვავდა. ვწუხვარ, რომ მის დაკრძალვას ვერ დავესწარი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არასდროს დამავიწყდება.

იგი მოცეკვავე ძმები მოსიების უმცროსი ძმა გახლდათ - თბილი, მუდამ ღიმილიანი, ხალისიანი და, ასაკის მიუხედავად, კვლავ შესანიშნავი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. ბატონ თამაზს ყოველწლიურად სწორედ ზუგდიდ-ანაკლიაში, საერთაშორისო ფესტივალ "არტკოლხზე“ ვხვდებოდი ხოლმე. გაოგნებული და აღფრთოვანებული შევყურებდი, 75 წლის ასაკშიც კი რა დიდებულად ცეკვავდა... წლების განმავლობაში, რამდენჯერმე, მის რეპეტიციებსაც დავსწრებივარ - თავად ხომ ცეკვავდა და პარალელურად - მოცეკვავეთა ანსამბლ "ჩელას“ ხელმძღვანელობდა.

ერთხელ მასთან ინტერვიუც ჩავწერე და სწორედ მაშინ მიამბო თავის ძმებზეც და "ოქროს თაობაზეც“. სწორედ მისგან მოვისმინე, რომ უკვე ასაკში მყოფმა ქალბატონმა ნინო რამიშვილმა სწორედ იმ პერიოდის მოცეკვავეებს უწოდა "ოქროს თაობა“, ვინც 1960-დან 1970 წლამდე ცეკვავდა "სუხიშვილებში“. მანვე მიამბო, რომ სამი ძმა - მოსია 1960 წელს ერთად მივიდნენ "პლეხანოვზე“, ძველ ფილარმონიაში, ანსამბლისთვის რომ გაესინჯათ. იმხანად უფროსი ძმა - ჯემალი 19 წლის იყო, ლერი - 18-ის, თავად ბატონ თამაზს კი 16 წელიც არ შესრულებოდა და მაინც გამოცადეს, თანაც - 80 მოცეკვავისა და ქორეოგრაფების წინაშე და... სამივე მიიღეს, ოღონდ ბატონი თამაზი ასაკის გამო თავდაპირველად სტაჟიორად აუყვანიათ და, ფაქტობრივად, ისიც ანსამბლში გაზრდილა.

სტატიის ავტორ ირმა ხარშილაძესთან ერთად

მახსოვს, მიამბო, პატარას მეგრულად "ჭიჭე" ჰქვია, ჰოდა, რაკი ყველაზე პატარა ვიყავი, ყველა "ჭიჭეს“ მეძახდა. სხვათა შორის, თბილისში დღემდე ასე მიწოდებენ. ჩემი ძმა ლერი ძალიან ძლიერი შემსრულებელი იყო. ისეთ ილეთებს აკეთებდა, დღესაც კი, როცა ასე განვითარდა და დაიხვეწა მოძრაობები, თანამედროვე მოცეკვავეებს უჭირთ იმ ილეთების შესრულება. მახსოვს, გაოცებულმა ქალბატონმა ნინომ ჰკითხა კიდეც ლერის, ვინ გასწავლათ ეს მოძრაობებიო? ჩემი მშობლები ზუგდიდის თეატრის მსახიობები იყვნენ, ამიტომ არტისტების წრეში ვიზრდებოდით და ხშირად ვესწრებოდით არა მარტო საგასტროლო სპექტაკლებს, არამედ - კონცერტებს. პედაგოგი არ გვყავდა და სწორედ იმ მოცეკვავეების მოძრაობებზე დაკვირვებით ვცდილობდით ძმები ამა თუ იმ ილეთის შესწავლას - ბევრს ვწვალობდით და მაინც ვამუშავებდითო.

ქალბატონი ნინო რამიშვილის სიმკაცრე საყოველთაოდ იყო ცნობილი, ამბობდნენ კიდეც, ვაჟებსაც ძალიან ეშინოდათ მისიო და ბატონმა თამაზმა დამიდასტურა, - ბატონ ილიკოს უფრო საორგანიზაციო საქმეები ებარა, ჩვენთან კი ქალბატონი ნინო მუშაობდა და… მართლაც ძალიან მკაცრი იყოო. იქვე გაიხსენა, - რეპეტიციაზე რომ ჩავმწკრივდებოდით, ხმას ვინ ამოიღებდა, გადალაპარაკებასაც კი ვერავინ გაბედავდა, თავსაც ვერ მიაბრუნებდი სხვა მხარეს. როგორ დაგვსჯიდა? ან ძალიან მკაცრად გვეტყოდა, ან კონკრეტული ცეკვიდან გამოგვიყვანდა. მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, არც შენიშვნა დაგვემსახურებინა, არც დასჯამდე მიგვეყვანა საქმეო...

  • ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა

ჯერ კიდევ ახალი გადასული ყოფილა სტაჟიორობიდან ანსამბლში და მითხრა, ქალბატონმა ნინომ და ბატონმა ილიკომ კარგად არც იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები. ამერიკის გასტროლიდან რომ დაბრუნდნენ, ერთ კვირაში თბილისის ოპერის სცენაზე ორი საანგარიშო კონცერტი უნდა გვქონოდა. პირველივე კონცერტის წინ ერთ-ერთი სოლისტი ცუდად გახდა. ქალბატონმა ნინომ იკითხა, ვის შეუძლია "აჭარულის“ სოლოში "ტყუპი მუხლის“ გაკეთებაო? - მე-მეთქი, ვუთხარი და იქვე გავაკეთე ილეთი. ქალბატონმა ნინომ იმ საანგარიშო კონცერტზე ძმასთან ერთად სოლო მაცეკვა "აჭარულში“. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მერე კი, იმავე კონცერტის პირველი განყოფილების ფინალისას, მეგობარმა - მილერი ცირეკიძემ, რომელიც "მხედრულის“ ცეკვისას ჰაერში ორ ტრიალს აკეთებდა, დაშვებისას მუხლი იტკინა. სცენაზევე შევთავაზე, მეორეს შენ მაგივრად გავაკეთებ-მეთქი და ქორეოგრაფებთან შეუთანხმებლად გავაკეთე ილეთი. კარგად გამომივიდა. სხვათა შორის, მაღალი ნახტომი მქონდა. ფარდა იხურებოდა, ბატონი ილიკოს ხმა რომ მომესმა, მოსია, მოდი აქო! კულისებში გავედი და, - ყოჩაღ, "სასტავში“ ხარ, შვილო, ჩამომართვი ხელიო“, - მომახარა. იქიდან მოყოლებული, ერთი მოგზაურობაც არ გამიცდენია - მალევე მოსკოვში წამიყვანეს, გასტროლზე... უცხოეთში, პირველ გასტროლზე ავსტრალიაში მოვხვდი, პირდაპირ სხვა კონტინენტზე და რამ გამაოცა, იცით? ტროტუარები გადახურული იყო და წვიმაში ქოლგაც არ გჭირდებოდა. მახსოვს, მაშინ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 3 თვის განმავლობაში 100 კონცერტი ჩავატარეთ და ხშირად ნომერს 2-3-ჯერ გვამეორებინებდნენ, რაც, ფაქტობრივად, 200 კონცერტს უდრიდა... მახსოვს, ბატონ თამაზს ჩავეკითხე, - სხვისი ფეხის ტკენამ ძალიან იმოქმედა თქვენს ბედზე. თქვენთვის ფეხს არასდროს უმტყუნია-მეთქი? - მსგავსი არაფერი მომხდარაო და დააყოლა, - შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო კაცი, მაგრამ თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე, თუ კარგად არ ივარჯიშე, ვერაფერს მიაღწევო.

  • "მფრინავ მოცეკვავეებად“ ცნობილი ძმები მოსიები

დავინტერესდი, მანამდე თუ ჰყოლიათ ანსამბლში ერთდროულად სამი ძმა და იქვე მითხრა, - ანალოგიური შემთხვევა არ ყოფილა და, სხვათა შორის, თენგიზ სუხიშვილი ამ ფაქტს ყოველთვის აღნიშნავდა. თანაც, საინტერესო ის გახლდათ, რომ სამივე სოლისტი ვიყავით, თუმცა, რა თქმა უნდა, ანსამბლურ ნომრებშიც ვცეკვავდით, ეს კანონი იყო. მახსოვს, "მხედრულში“ ხუთეული ვცეკვავდით და თან ორი სოლოც მქონდა. ერთხელ ქალბატონ ნინოს ვუთხარი, ხუთეულში არ ჩავდგები-მეთქი და კატეგორიული უარი მივიღე. სუხიშვილების ანსამბლში 10 წელიწადს ვიცეკვე და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო წლები იყო - ან როგორ ქორეოგრაფებთან ვიმუშავე, ან როგორი მოცეკვავეების გვერდით ვცეკვავდი - ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე... რომელი ერთი ჩამოვთვალოო!

მერე "სუხიშვილებიდან“ ჯერ ერთი ძმა - ლერი წამოსულა, ხოლო ბატონი თამაზი და ჯემალი - თითქმის ერთდროულად.

"მე ფილარმონიაში გადავედი და ცალკე შევქმენი ჯგუფი "ცერული“, სადაც მოცეკვავეების ნაწილი პარალელურად ინსტრუმენტებზეც უკრავდა და ეს მაყურებელს ძალიან მოსწონდა. ამ ანსამბლით თითქმის ყოველ წელიწადს, ორ-სამჯერ მივემგზავრებოდით გასტროლზე უცხოეთში..." - მითხრა ინტერვიუსას. თურმე, რუსთავის ანსამბლშიც ცეკვავდა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლშიც, ბუხუტი დარახველიძის ქორეოგრაფობისას, მაგრამ მაინც გამომიტყდა, - ყველაზე შედეგიანი და დასამახსოვრებელი "სუხიშვილების“ პერიოდი იყო - ასე ვთქვათ, სადაც დავიბადე, სადაც ფეხი ავიდგი და სადაც გავიზარდე! მაშინაც ხომ პირველი ანსამბლი იყო, არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ საბჭოთა კავშირში, დღესაც პირველი ანსამბლიაო!

იქვე დააყოლა, - იცით, რა მომწონს უმცროსი ილიკოსი? - მისი დადგმული ცეკვები მრავალფეროვანია. ზოგიერთი რომ ამბობს, ასე ცეკვა როგორ შეიძლებაო? - ძალიან კარგადაც შეიძლება. ჩვენ რომ მივედით ანსამბლში, ბიჭები ხუმრობდნენ ხოლმე, სულ სამი ილეთი იყოო. მერე და მერე ისე იზრდებოდა თითოეული მოცეკვავე, ქორეოგრაფებთან ერთად, თითოეული საკუთარ სტილს ამატებდა და ცეკვაც ვითარდებოდა. დიდი წვლილი შეიტანა ვახტანგ ჭაბუკიანმა საბალეტო ხელოვნებაში - მამაკაცის ცეკვა მან დაამკვიდრა, არადა, მანამდე ქალი და მამაკაცი ცეკვავდა, ფაქტობრივად, მისი "სტანოკი“ იყო. აცეკვდა ჭაბუკიანი და ააცეკვა მთელი მსოფლიოს მამაკაცებიო.

საბოლოოდ ბატონი თამაზი მაინც მშობლიურ ზუგდიდს დაუბრუნდა, მიყვებოდა:

"რომ ჩამოვედი, მალევე, იმჟამინდელი ზუგდიდის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარედ ამირჩიეს, მერე, ეს ორი სფერო რომ გაიყო და სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე გავხდი, მას შემდეგ ეს წოდება არ დამიკარგავს. აქ ძალიან ძლიერი ანსამბლები დამხვდა. ერთ-ერთს - "ჩელას“ მე ვხელმძღვანელობო".

მეც დავუდასტურე, - რაც მე ზუგდიდში დავდივარ, ვხედავ, რომ ზუგდიდი და სამეგრელო მართლაც "ქორეოგრაფიულ ფერხულშია“ ჩაბმული - მეთქი (ქორეოგრაფიული ფესტივალის სახელწოდებას დავესესხე)... ბატონმა თამაზმა იქვე დაურთო, - და ამას ძალიან უწყობს ხელს ჩემი გამოზრდილი ახალგაზრდა ქორეოგრაფი, თქვენთვის კარგად ნაცნობი და საოცრად ენერგიული რომეო ბულია. იგი ადრე ჩემი მოცეკვავე იყო, ახლა კავშირში - ჩემი მოადგილეა. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ჩემს ანსამბლთან ვმუშაობ, გაგიკვირდებათ და, თვითონაც ვცეკვავ - ეს ვეტერანების ჯგუფი რეზო ბულიამ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო მამფორიას დიდი ხელშეწყობით ჩამოაყალიბა. რეზოს გარდაცვალების შემდეგ ამ ჯგუფს მისი სახელი ვუწოდეთ. ამ ანსამბლის მოცეკვავეთა შორის უხუცესი მე ვარ... სხვათა შორის, ჩვეულებრივი პენსიონერებისგან განსხვავებით, დამსახურებულ პენსიაზე 1981 წელს, ახალგაზრდა გავედი, მაგრამ, პარალელურად, მაინც ვცეკვავდი, ამიტომ ხელფასიც მეძლეოდა. მერე, ასაკის პენსიის პერიოდი რომ მოვიდა, უკვე მხოლოდ ასაკობრივი პენსია დამიტოვეს, ხოლო დამსახურებისა - გამიუქმესო და ძალიან წყდებოდა გული... თან ჩაილაპარაკა, რამდენ ხანს ვიქნები დედამიწაზე, მუდმივად ხომ არ გამოვეკერები ცასო?!

საბედნიეროდ მას შემდეგაც საკმაოდ ენერგიულად გამოიყურებოდა ბატონი თამაზი და წლების განმავლობაში გვახარებდა თავისი შემოქმედებით. ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე ზუგდიდი და ჩვენი ფესტივალი "არტკოლხი“... მიდიან კარგი, ამაგდარი ადამიანები და გვიტოვებენ სიყვარულს, სევდას და... შემოქმედებას, რომელიც ვერასდროს წაიშლება მეხსიერებიდან!

ყველა სიხარულისთვის, რაც თქვენი შემოქმედებით ჩვენთვის მოგინიჭებიათ, სიყვარულისთვის და სითბოსთვის, რაც თქვენგან გვიგრძნია, მშვიდობით განისვენეთ, ბატონო თამაზ, სამუდამო სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ!

ambebi.ge იზიარებს საქართველოს, სამეგრელოსა და ზუგდიდის საზოგადოების მწუხარებას!

ირმა ხარშილაძე