K-pop ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ბანგ სი-ჰიუკი, შესაძლოა თაღლითური ვაჭრობის ბრალდებით დააკავონ. ის ჯგუფ BTS-ის შემქმნელი და კომპანია Hybe-ის დამფუძნებელია.
Hybe 2020 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟაზე გავიდა. პოლიციის განცხადებით, ამ პროცესის შედეგად ბანგმა დაახლოებით 200 მილიარდი ვონი (დაახლოებით 136 მილიონი დოლარი) მიიღო. სწორედ ეს გარემოება გახდა თაღლითობაზე ეჭვის საფუძველი - გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მან ინვესტორების შეცდომაში შეყვანით ფინანსური სარგებელი მიიღო.
ბანგ სი-ჰიუკი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ყველა ქმედება კანონიერი იყო. მიუხედავად ამისა, გამოძიება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. კომპანიის ოფისში ჩხრეკაც ჩატარდა, აქტივების ნაწილი გაიყინა და საზღვარგარეთ გამგზავრებაც აეკრძალა.
საქმის გააქტიურება დაემთხვა BTS-ის დაბრუნებას სცენაზე. ჯგუფი თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ტურნეს იწყებს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, Hybe-სთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მოიტანს.
მიუხედავად კომერციული წარმატებისა, სამართლებრივი რისკები კომპანიის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუ სასამართლო ორდერი გაიცემა, ეს K-pop ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამართლებრივი საქმე იქნება ბოლო წლებში.

ბანგ სი-ჰიუკი არის სამხრეთ კორეელი პროდიუსერი, კომპოზიტორი და მუსიკალური მენეჯერი, რომელიც K-pop ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.
1997 წელს მან პოპულარულ არტისტთან პარკ ჯინ-იანგთან ერთად დააარსა JYP Entertainment, რომელიც დღეს K-pop-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიად ითვლება. ამ პერიოდში მათ არაერთი ჰიტი შექმნეს და ბანგს მეტსახელი “Hitman Bang“ შეარქვეს.
2005 წელს ბანგმა დატოვა JYP Entertainment და დააარსა საკუთარი კომპანია Big Hit Entertainment, რომელიც მოგვიანებით Hybe-ად გადაკეთდა. 2010 წლიდან მან დაიწყო ახალი ჯგუფის ფორმირება, რომელიც საბოლოოდ BTS-ად ჩამოყალიბდა.
2019 წელს გამოცემა Bloomberg-მა ბანგ სი-ჰიუკის ქონება დაახლოებით 770 მილიონ დოლარად შეაფასა. მას შემდეგ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
სეულში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის Korea CXO Research Institute მონაცემებით, გასული თვის მდგომარეობით ბანგს Hybe-ის 13 მილიონზე მეტი აქცია ეკუთვნოდა. მათი საერთო ღირებულება თითქმის 5 ტრილიონ ვონს აღწევდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბანგის ქონების ზრდა პირდაპირ კავშირშია Hybe-ის სწრაფ გაფართოებასთან და BTS-ის გლობალურ წარმატებასთან.