ავტორი:

ევროპული ქვეყნები ფრანგული "ბირთვული ქოლგის“ ქვეშ - რას ნიშნავს საფრანგეთის ახალი ბირთვული დოქტრინა და შეძლებს პარიზი ვაშინგტონის ჩანაცვლებას?

ევროპული ქვეყნები ფრანგული "ბირთვული ქოლგის“ ქვეშ - რას ნიშნავს საფრანგეთის ახალი ბირთვული დოქტრინა და შეძლებს პარიზი ვაშინგტონის ჩანაცვლებას?

პოლონეთი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას ევროპაში ბირთვული შეკავების ახალი სისტემის შექმნის შესახებ. ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტუსკმა აღნიშნა, რომ "ვაშინგტონის სტრატეგია ევროპის მიმართ აშკარად შეიცვალა“.

BBC მიმოიხილავს ევროპული "ბირთვული ქოლგის“ პროექტს, რომელიც საფრანგეთის ეგიდით იქმნება და რომლის შესახებაც მაკრონმა პირველად 2025 წლის მარტში განაცხადა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც საფრანგეთმა თანამშრომლობისთვის მიიწვია. ეს არის იმ სახელმწიფოთა ექსკლუზიური კლუბი, რომელთაც ესმით ევროპული სუვერენიტეტის საჭიროება. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ბირთვული შეკავების შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტუსკმა გდანსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • საფრანგეთის ახალი ბირთვული დოქტრინა

ინიციატივის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, საფრანგეთმა განაახლა თავისი ბირთვული დოქტრინა: გაზარდა ქობინების რაოდენობა და შეწყვიტა მონაცემების გასაჯაროება საკუთარი მარაგების შესახებ. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული პარიზის მზადყოფნა, განათავსოს ბირთვული ძალები ევროპელი მოკავშირეების ტერიტორიაზე.

ამჟამად ინიციატივას უკვე შეუერთდნენ: ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და შვედეთი. მოკავშირეები მიიღებენ შესაძლებლობას, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსონ ფრანგული თვითმფრინავები ბირთვული შეიარაღებით, რაც, მაკრონის თქმით, "გაართულებს მოწინააღმდეგის გათვლებს“.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმაც გამოთქვა ინტერესი პროექტში მონაწილეობის თაობაზე.

  • სამართლებრივი ასპექტი და ნატო

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნის საკუთრებაში არ გადადის - ის კვლავ საფრანგეთის კონტროლის ქვეშ რჩება. ეს გარემოება საშუალებას იძლევა, არ დაირღვეს "ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება“ (NPT).

ნატო-მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ ბირთვული შეიარაღების სფეროში ნებისმიერი ახალი ინიციატივა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეჟიმს, თუმცა ალიანსმა იქვე შეახსენა მოკავშირეებს: "სანამ ბირთვული იარაღი არსებობს, ნატო ბირთვულ ალიანსად დარჩება“.

  • ანგლო-ფრანგული ალიანსი და რუსული საფრთხე

რუსეთის გარდა, ევროპაში ბირთვული იარაღი მხოლოდ საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვთ. 2025 წლიდან ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდა: ხელი მოეწერა "ნორტვუდის დეკლარაციას“, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბირთვული სისტემები არ გაერთიანებულა, ისინი ახლა "პარალელური კურსით“ მოქმედებენ.

ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში მომხდარი ცვლილებების მთავარი კატალიზატორი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გახდა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რუსეთის ხელმძღვანელობა, ვლადიმერ პუტინის ჩათვლით, აქტიურად იყენებს ბირთვულ რიტორიკას.

ჯერ კიდევ ომის მეოთხე დღეს, პუტინმა სტრატეგიული ბირთვული ძალები "მზადყოფნის სპეციალურ რეჟიმში“ გადაიყვანა. მოგვიანებით, 2024 წელს, რუსეთმა განაახლა თავისი ბირთვული დოქტრინა და კიდევ უფრო გააფართოვა ამ იარაღის გამოყენების წინაპირობები.

პუტინმა არაერთხელ განაცხადა ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდის შესახებ. მათ შორისაა:

"პოსეიდონი“ - ბირთვული ტორპედო.

"ბურევესტნიკი“ - ფრთოსანი რაკეტა ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ წყაროებს ეს გამოცდები ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მსგავსი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტის "ბირთვული შანტაჟის“ პოლიტიკის ნაწილად იქცა.

  • რამდენად საიმედოა აშშ-ის "ბირთვული ქოლგა“?

ევროპის სწრაფვას, შექმნას რუსეთისგან დამოუკიდებელი ბირთვული შეკავების სისტემა, მეორე სერიოზული მიზეზიც აქვს - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა. ვაშინგტონი არაერთხელ გამოთქვამდა პრეტენზიას ნატო-ს ევროპელი წევრების მიმართ, მთავარი არგუმენტი კი კონტინენტის თავდაცვაა.

ვაშინგტონის ფუნდამენტური პოზიცია ასეთია: ევროპული სახელმწიფოები წლების განმავლობაში საკუთარ უსაფრთხოებაზე მცირე თანხებს ხარჯავდნენ, რადგან აშშ-ის იმედი ჰქონდათ. ამას ევროპაშიც აღიარებენ და ბევრმა ქვეყანამ უკვე გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, თუმცა ამის მყისიერად გაკეთება ყველას არ შეუძლია.

როგორც კონტინენტის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, ამერიკა საპასუხო ნაბიჯებს ელის. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, ვაშინგტონის აზრით, 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომში ევროპის მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამერიკელებს ოპერაციის დაწყებამდე მოკავშირეებთან კონსულტაციები არ გაუმართავთ.

მეტიც, ესპანეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა კამპანიაში მონაწილე აშშ-ის თვითმფრინავებს, ხოლო იტალიამ ამერიკულ ბომბდამშენებს სიცილიაზე დაშვება აუკრძალა. მოგვიანებით, ტრამპმა ნატო-სგან სამხედრო ოპერაციაში ჩართვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ნატო-ს მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) შესრულების მიზანშეწონილობაც და ალიანსიდან გასვლითაც დაიმუქრა.

  • ევროპული შეკავების სირთულეები

კუინსის უნივერსიტეტის ექსპერტი, მაქსიმ სტარჩაკი აღნიშნავს, რომ ფრანგულ ინიციატივას არაერთი გამოწვევა აქვს. მისი თქმით, საფრანგეთს ამჟამად არ გააჩნია საკმარისი რესურსი სრულფასოვანი ბირთვული შეკავებისთვის.

"ვიდრე საფრანგეთი არ შექმნის დამატებით ბირთვულ ძალებს, ის არსებულ შეიარაღებას საკუთარი ტერიტორიის გარეთ არ გადაისვრის. მოკავშირეების ტერიტორიაზე ბირთვული ძალების განთავსების გარეშე კი, ფრანგული იდეა დამაჯერებელი ვერ იქნება", - ამბობს ექსპერტი.

კიდევ ერთი პრობლემა გადამტანი თვითმფრინავებია. ქვეყნებში, სადაც აშშ-ს ბირთვული იარაღი აქვს განთავსებული, არსებობს სპეციალურად მომზადებული ამერიკული F-16 და F-35 ტიპის თვითმფრინავები. ფრანგული Rafale-ები კი, რომელთაც ბირთვული მუხტის გადატანა შეუძლიათ, მხოლოდ საფრანგეთს ჰყავს.

„საფრანგეთი ტექნიკურადაც კი ვერ განახორციელებს ერთობლივ ბირთვულ მისიებს ისე, როგორც ამას აშშ აკეთებს ნატო-ს ფარგლებში. მოკავშირე ქვეყნები სრულად იქნებიან დამოკიდებულნი საფრანგეთის სამხედრო დაგეგმარებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეალური მონაწილეობის გარეშე. დათანხმდებიან თუ არა ევროპელები ამ როლს, ჯერჯერობით უცნობია“, - დასძენს სტარჩაკი.