მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის სასამართლომ ოლიგარქსა და "დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ვლადიმირ პლახოტნიუკს თაღლითობის საქმეზე, კერძოდ ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეზე, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი კიშინიოვის სასამართლოში განაჩენის გამოტანის პროცესს არ დაესწრო. პლახოტნიუკი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

პროკურატურა პლახოტნიუკისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ვლადიმირ პლახოტნიუკის ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ვლადიმერ პლახოტნიუკი 2010-იანი წლების მოლდოვის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ფიგურა იყო. 2010-დან 2015 წლამდე იგი პარლამენტის დეპუტატი გახლდათ "დემოკრატიული პარტიიდან“, ხოლო 2016 წელს მისი თავმჯდომარე გახდა. მედიაში მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც "მოლდოველ აბრამოვიჩს“, "დე-ფაქტო მმართველსა“ და "მოლდოვის პატრონს“. 2010-იანი წლების შუა პერიოდისთვის პლახოტნიუკი სრულად აკონტროლებდა ქვეყნის ბანკებს, მედიას, ძალოვან სტრუქტურებსა და სასამართლო სისტემას.

ვითარება 2019 წელს შეიცვალა, როდესაც მისმა პარტიამ არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა და კოალიციის მიღმა დარჩა. ამის შემდეგ პლახოტნიუკმა მოლდოვა სასწრაფოდ დატოვა.
ქვეყნიდან წასვლისთანავე, 2019 წელს, პლახოტნიუკი მოლდოვაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე ფიგურანტი გახდა. 2020 წელს კი მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ქვეყნის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეზე.
გამოძიების თანახმად, სამი ბანკიდან (Banca de Economii, Banca Sociala და Unibank) თანხების გატანა 2014 წელს მოხდა. პროკურატურის მტკიცებით, პლახოტნიუკი იყო ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი, რომელმაც ოლიგარქ ილან შორის კონტროლირებადი კომპანიების მეშვეობით 39 მლნ დოლარი და 3.5 მლნ ევრო მიიღო.
პლახოტნიუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები რუსეთშიც არის აღძრული. მოსკოვი მას დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებაში, კონტრაბანდაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
ვლადიმერ პლახოტნიუკი 2025 წლის 22 ივლისს საბერძნეთში დააკავეს, იმავე წლის 25 სექტემბერს კი მისი ექსტრადიცია მოლდოვაში განხორციელდა. ამჟამად ის კიშინიოვის ციხეში იმყოფება.

ოლიგარქის გაქცევისა და საბერძნეთში დაკავებამდე არსებული პერიოდის შესახებ ბევრი რამ უცნობია:
აშშ-ში გაქცევა:
ვარაუდობენ, რომ მოლდოვის დატოვების შემდეგ იგი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი მაიამიში გადაფრინდა. აშშ-მა მას პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა, 2022 წელს კი მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
მრავალჯერადი მოქალაქეობა: არსებული ინფორმაციით, იგი ცხოვრობდა თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსზეც.
პლახოტნიუკს ჰქონდა მოლდოვის, რუმინეთისა და უკრაინის პასპორტები, თუმცა თურქეთმა მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.
კონსპირაციული ვილა: ათენის სამხრეთით მდებარე ვილაში, სადაც ის დააკავეს, სამართალდამცველებმა იპოვეს 17 პასპორტი და პირადობის მოწმობა სხვადასხვა სახელზე, მათ შორის ყალბი ბერძნული დოკუმენტებიც.
ბერძნული პოლიციის ვარაუდით, 2023-2025 წლებში ოლიგარქმა ფარულად 22 ქვეყანა მოიარა.
მისი დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც ის და მისი თანამებრძოლი, კონსტანტინ ცუცუ (რომელსაც მოგვიანებით 8 წლით პატიმრობა მიესაჯა), ბულგარული საბუთების გამოყენებით დუბაიში გაფრენას გეგმავდნენ...