"კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით და თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს პირველ რიგში ბრიუსელის ბიუროკრატიაა - მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქართველოსთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, თუნდაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც ხშირად თავად აკეთებენ ხოლმე აქცენტებს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას.
"საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სათანადო პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის.
რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია, რატომ არის ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი, ესეც გაუგებარია. შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.