თურქეთში დაიწყო რეზონანსული სასამართლო პროცესი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას ეხება. საქმე ეხება ოთხსულიანი ოჯახის დაღუპვას, რომლებიც სასტუმროში ჩატარებული არაპროფესიონალური დეზინფექციის მსხვერპლნი გახდნენ. სასამართლოზე გამოაშკარავებულმა დეტალებმა თურქული საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა.

ცხედრების გაკვეთის შემდეგ პროკურატურას წარედგინა შოკისმომგვრელი დასკვნა - ოჯახის წევრების ორგანიზმში აღმოჩნდა ფოსფინის გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ამჟამად სასამართლოს წინაშე 6 ბრალდებული წარდგა, მათ შორის არიან სასტუმროს მფლობელი და სადეზინფექციო კომპანიის ხელმძღვანელები. მათ გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევაში ედებათ ბრალი და 22 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა სასტუმროს ადმინისტრატორის ჩვენება. მან აღიარა, რომ შენობაში მძაფრი სუნი იგრძნო, რის გამოც კარი გარედან დაკეტა და შენობიდან გაიქცა, მაშინ როცა შიგნით ადამიანები შველას ითხოვდნენ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს ოჯახის წევრების უშედეგო მცდელობა, გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი გონებას კარგავენ.

ფოსფინი უკიდურესად საშიშია და მას ხშირად "უხილავ მკვლელს" უწოდებენ.
ექსპერტები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ეს აირი სასიკვდილოა მცირე კონცენტრაციითაც კი - ჰაერში მაღალი შემცველობისას ადამიანის დასაღუპად სულ რაღაც 5 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ამ ნივთიერების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში აკრძალულია, კონტროლის არარსებობა კვლავ დიდ საფრთხედ რჩება ტურისტებისთვის.