მუსიკოსი ნინო ქათამაძე საშა კაცმანის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ოჯახზე და შვილზე ისაუბრა. ნინო აღნიშნავს, რომ მუსიკა მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა, შვილისთვის კი საკმარის დროს არ უტოვებდა, რის გამოც მას სულ ჰქონდა სინდიდის ქენჯნა.
"მუსიკა ითხოვს ყველაფერს. ჩემს შვილთან ერთად პირველად ვიმგზავრე, როცა იყო 7 წლის - არ ვიცნობდი.. დღემდე ვგრძნობ იმ პატარა სიცარიელეს ჩვენ შორის. ერთი წლის რომ გახდა, სცენაზე ვიდექი და მთელი კონცერტი ვტიროდი. რადგან ვერ ვნახე როგორ გაიარა პირველად, (ტურში ვიყავი) როგორ იტირა, როგორ ეწყინა... ბავშვს ზრდიდა ძიძა და მამა იყო მასთან. ოჯახი რთულია. მქონდა ნამუსის ქენჯნა ამ თემაზე. საყვარელმა ემიგრანტებმა იციან ეს გრძნობა. იმდენ ხანს მენატრებოდა ჩემი შვილი, შიგნით სიცარიელე იყო. ვერაფერი გივსებს ამ გრძნობას. ვცდილობ, რომ თანასწორი და მეგობარი ვიყო ჩემი შვილის" - თქვა ნინომ.

"როგორც კი სახლში ვარ, ერთი კვირის მერე აუტანელი ვხდები. თანახმაა მერე ყველა, რომ წავიდე სადმე, რადგან ამხელა ენერგია სადმე ხომ უნდა დავხარჯო. (იცინის). მე მოგზაური ვარ. ფეთქებადი ვარ, რადგან მჭირდება ეს თვისება მუსიკაშიც. ზოგჯერ მჭირდება ხმაური, ზღვარს იქით გასული გასული ენერგია, ველურობა და მე თუ ეს გამოვზარდე, გავწვრთენი ჩემი ემოცია, გამიჭირდება. სინამდვილეში ცხოვრებაში ხელს მიშლის ეს თვისება. თუმცა არაფერს ვეხები. მირჩევნია, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ნაკლები შეხება მქონდეს ისეთ ადამიანებთან, სადაც მე თავშეუკავებელი არ გამოვჩნდები, მაგრამ დანარჩენი ყველა ეს თვისება, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკისთვის მემეტება".
რაც შეეხება ნინო ქათამაძისა და დავით ლოლაძის შვილს, ის სიმღერითაა გატაცებული.
"ერთდროულად უნდა მხატვრობაც, მწერლობაც, კოსმონავტობაც. ოცნებობს, მარსზე 50 წლისას კომპანია ჰქონდეს და გაფრინდეს..." - ჰყვებოდა რამდენიმე წლის წინ ნინო.
ასევე წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა პირად ამბებზე, რაც მისთვის ძალიან იშვიათობაა:
– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?
– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად.
– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?
– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა.
წაიკითხეთ ასევე: