ავტორი:

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და გადამფრენი ფრინველების მოდარაჯე - ულამაზესი კადრები, რომელიც გაგაოგნებთ

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და გადამფრენი ფრინველების მოდარაჯე - ულამაზესი კადრები, რომელიც გაგაოგნებთ

ველური ბუნების ქართველი ფოტოგრაფი, ირაკლი შავგულიძე, ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის მიერ ორგანიზებული 2026 წლის FEP Awards-ის ფინალისტთა საუკეთესო ათეულში მოხვდა. მან აღიარება "ველური ბუნების“ კატეგორიაში მოიპოვა.

შავგულიძის წარდგენილი ნამუშევარი, სახელწოდებით "თეთრი ბოლოქანქარა“ (White Wagtail), აღმოსავლეთ საქართველოში, უფლისციხის ნაქალაქარის მიმდებარედ არის გადაღებული.

ბოლოქანქარების ჩხუბი

"საბოლოო ადგილების გამოცხადება და დაჯილდოებები მოხდება 25 აპრილს, ისლანდიაში", - დაწერა სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ირაკლი შავგულიძემ. მან გადამფრენი, იშვიათი ფრინველების უნიკალური კადრების გადაღება შეძლო. თუ როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ ირაკლი შავგულიძე თავად გვესაუბრება.

რუხი ყანჩა

დიდი ჩვამა

- ველური ბუნების გადაღება ძალიან საინტერესოა. ზოგადად სხვა მიმართულების ფოტოებსაც ვიღებ, მაგრამ ამ მხრივ პირველი ნაბიჯები საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავდგი. დაახლოებით 2014 წელი იყო, როცა მე და ლევან ქობალია დავდიოდით კრწანისის ტყეპარკში. საკმაოდ მრავალფეროვანია იქ ჩიტების სახეობების რაოდენობა შესაბამის პერიოდებში. თუმცა მაშინ საქართველოში ცოტანი ვიყავით ამ საქმით გატაცებულები და ტექნიკაც არ მიწყობდა ხელს. შემდეგ დიდი სურვილი გამიჩნდა, ალკუნები ახლო კადრებით გადამეღო, ანუ როგორ ყვინთავენ და თევზს როგორ იჭერენ, თუმცა ამ გადაღებებში და წვალებაში, სრულიად მოულოდნელად გადავიღე დიდი, თეთრი ყანჩის თევზზე ნადირობის პროცესი. ამ კადრებმა მოიპოვა ჯილდოები როგორც საქართველოში, აგრეთვე ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის წლიურ კონკურსზე.

პატარა ოყრა

2019-2023 წლის პერიოდში პაუზა მქონდა ამ მიმართულებით, დაიბადა ჩემი შვილი და მერე პანდემიის გამო არ ვაქტიურობდი. ორი წლის წინ ავიხდინე ჩემი დიდი ოცნება, შევიძინე ოცნების კამერა და შესაბამისი ობიექტივი.

- ახალი ფოტოაპარატის შეძენამ მეტი შესაძლებლობები მოგცათ?

- ბევრად მეტი. ველური ბუნების გადაღება ისეთი მიმართულებაა, რომელიც ითხოვს ფოტოგრაფისგან არამხოლოდ ჩასაფრებას, მოთმინებას და პროფესიონალიზმს, არამედ საკმაოდ ძვირიან ტექნიკასაც, რომელიც ძალიან მოქმედებს საბოლოო რეზულტატზე და ზოგადად კარგი კადრების რაოდენობაზეც. მაგალითად წელს გადავიღე ჩემთვის უნიკალური კადრი - ბოლოქანქარების ჩხუბი. ამ კადრს ვერ გადავიღებდი ძველი ტექნიკით. იმედია, ეს ფოტო წელს ევროპის კონკურსზე მიიღებს შესაბამის ჯილდოს.

მერცხალი ნადირობისას

- რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა გადამფრენი ფრინველების მრავალფეროვნებით?

- საკმაოდ მდიდარია სეზონურად, შესაბამისად, გადაღების პერიოდები გვაქვს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მაგალითად კუმისზე ივეოსები (იბისებსაც ეძახიან) მინახავს, რომლებიც აქ არ ბინადრობენ. სამწუხარო ამბავსაც გეტყვით, ფრინველებს საქართველოში საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრებათ, რადგან მონადირეები ყველაფერს ესვრიან, რასაც ხედავენ. ეს ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ არ კონტროლდება ეს ყველაფერი.

ნემსიყლაპია

- რომელი იშვიათი ფრინველი გადაიღეთ, რომელიც განსაკუთრებულად გახსენდებათ?

- "გზააბნეული ცალფეხა ვეტერანი" - ეს სახეობა საკმაოდ იშვიათია საქართველოსთვის და ძირითადად ბინადრობს ცივ ქვეყნებში, როგორიც არის კანადა, ნორვეგია, ისლანდია...

"გზააბნეული ცალფეხა ვეტერანი"

მიგრაციის დროს გადაადგილდება აფრიკაში ან ავსტრალიაში. გზაში ისვენებს ზღვის და ოკეანეს პირას, წყლიდან 3-4 კილომეტრის არეალში. ძალიან გამიმართლა რომ კუმისის ტბაზე შემხვდა და გადაღება შევძელი. იშვიათი ჩიტის მაგალითია თავისი ისტორიით ის, რომ წელს სრულიად მოულოდნელად გადავიღე ფასკუნჯი.

ფასკუნჯი

ნადარბაზევის ტბასთან ვიყავი წასული და მანქანით ავედი მთებისკენ, პეიზაჟის გადასაღებად. მთაზე რომ ავედი, სრულიად მოულოდნელად შემხვდა ფასკუნჯი და ძალიან გამიმართლა, რომ მომცა შანსი ამ სილამაზის გადაღების. რამდენიმე წუთი იყო და მერე გაფრინდა.

ახალგაზრდა წყრომის ფოტო რუსთავში გადავიღე. სრულიად მოულოდნელი გადაღების გმირი გახდა - ბინადრობდა ჩემი კარგი ნაცნობის ირაკლი დოლიძის ეზოში და სტუმრობის დროს გამართლების შედეგად გადავიღე ეს და სხვა ფოტოებიც, მაგალითად,The rough-legged buzzard / ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა (Buteo lagopus) შემომფრენი მტაცებელი სახეობაა, რომელიც ზამთარში ესტუმრება ხოლმე საქართველოს არეალს. გამიმართლა, რომ გადაღება შევძელი - გორიდან დაღლილი ვბრუნდებოდი თბილისში და საკმაოდ ლამაზი მზის ჩასვლა ჩანდა. დაღლილობის მიუხედავად, გადავუხვიე ავტობანიდან და ავედი სიმაღლეზე, გადაღების წერტილის საძებნად და ამ მშვენიერმა არსებამ ჩამიფრიალა, რომლის გადაღებაც მოვასწარი. სასაცილო ფაქტი კი იმაშია, რომ მხოლოდ თბილისში გავიგე, კადრი რომ გავხსენი ლეპტოპში, რომ თურმე იშვიათი სახეობა გადამიღია. შესაბამის ვიყენებ რესურსებს და მონაცემებს ინტერნეტიდან, რომ გავიგო რა სახეობაა. გადაღების მომენტში ხშირად არ მაქვს დრო ამის გარკვევის.

- ახსენეთ, რომ განსაკუთრებულად ალკუნების გადაღება გიყვართ...

- ალკუნი - aka Kingfisher, ანუ "მეფე მეთევზე" - ძალიან პატარა, ლამაზი და სწრაფი ჩიტია. საკმაოდ ძნელია მაგის გადაღება თევზაობის პროცესში და დიდი სურვილი მქონდა გადაღების, რადგან ეს იქნებოდა თავისებური დასტური ჩემი პროფესიონალიზმის. ალკუნი დიდი სისწრაფით სიმაღლიდან ჩადის წყალში, იჭერს თევზს და მერე ტოტზე სადმე მიირთმევს.

კონკრეტულად ეს სერიები გადაღებულია უფლისციხესთან, კერძო ტბებზე. მანდ ბინადრობდნენ და ჩემს გორელ მეგობართან - ბესარიონ ჩახვაძესთან ერთად ჩავუსაფრდი. ბევრი დღეების პერიოდში ვისხედით და ვცდილობდით ამ კადრების დაჭერას. ზოგადად ალკუნი გადამფრენია, თუმცა ნაწილი აქ რჩება ზამთარში. საკმაოდ გავრცელებული არეალი აქვთ, ევროპიდან აფრიკამდე. სხვადასხვა სახეობის ალკუნი არსებობს, ჩვენთან ძირითადად ეგეთი კლასიკური ალკუნის ნახვა შეიძლება. სამწუხაროდ, მე პირადად სხვა სახეობები ჯერ არ მინახავს, იმედი მაქვს შემხვდება.

- ალბათ ძალიან მრავალფეროვანია დღეს თქვენი ფოტოარქივი...

- დიახ, საკმაოდ მრავალფეროვანი არქივი მაქვს უკვე და ვცდილობ საზოგადოებას გავუზიარო. თუმცა ყოველთვის ვცილობ, უფრო და უფრო უკეთესი კადრების გადაღებას იგივე სახეობების. მიღებული რეზულტატები რომ იყოს საერთაშორისო მაღალი დონის სტანდარტების სიმაღლეზე. სამწუხაროდ, არ მაქვს საშუალება, დიდხნიან ექსპედიციებში წავიდე, რადგან ძირითადი პროფესიით ვარ დაკავებული. კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ვარ. შესაბამისად, უფრო გამართლებაზე ვარ დამოკიდებული, 2-3 დღიან გასვლების დროს. კარგ გადაღებას სჭირდება ერთკვირიანი გასვლა ველურ ბუნებაში, წინასწარი მომზადებით და იმ სახეობისთვის სასურველი პერიოდის გათვლით.