ავტორი:

“ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ნიღბიანი ჯარისკაცები და ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში - ირანი კონტეინერმზიდის დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს

“ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ნიღბიანი ჯარისკაცები და ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში - ირანი კონტეინერმზიდის დაკავების  ამსახველ კადრებს ავრცელებს

ირანის ოფიციალური წყაროებმა გაავრცელეს კადრები, რომლებშიც, სავარაუდოდ, შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ, ჰორმუზის სრუტეში ორი სატვირთო გემის დაკავების პროცესია ასახული.

ირანის სახელმწიფო მედიამ აღნიშნული ვიდეო 22 აპრილს გაავრცელა, მანამდე რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებიდან სულ რამდენიმე საათში ორი ხომალდი, პანამის დროშის ქვეშ მცურავი “MSC Francesca“ და ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი “Epaminondas“ დააკავეს.

  • ინციდენტის დეტალები

ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდებიან “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ჯარისკაცები სწრაფმავალი კატარღებით კონტეინერმზიდს, რომელსაც გვერდზე MSC აწერია, რის შემდეგაც ისინი გემბანზე, ბორტზე დაკიდებული კიბით ადიან. სპეცრაზმელებს ნიღბები უკეთიათ და ზურგზე ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ გადაკიდებული.

კადრებში ასევე თავად “Epaminondas“ -თან მიახლოების პროცესიც ჩანს. საბოლოოდ ჯარისკაცების ნაწილი, სავარაუდოდ, სამანქანო განყოფილებაში შევიდა, ნაწილმა კი ზედა გემბანს მიაშურა.

  • “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ორივე ხომალდს ჰორმუზის სრუტეში შესაბამისი ნებართვის გარეშე გადაადგილებასა და სანავიგაციო სისტემების განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს.

თუმცა, ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის (UKMTO) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “Epaminondas“ -ის ეკიპაჟმა განაცხადა რომ სამართავმა განყოფილებამ დაზიანების მას შემდეგ მიიღო, რაც ირანელმა სამხედროებმა კატარღიდან ცეცხლი გახსნეს და ყუმბარები ისროლეს. დაზვერვის სფეროში მომუშავე ფირმა Vanguard-ის ცნობით, ირანის სანაპიროდან ექვსი მილის დაშორებით “MSC Francesca“-ს ასევე გაუხსნეს ცეცხლი და გემს ღუზის ჩაშვება უბრძანეს.

პანამამ მომხდარი მკაცრად დაგმო და ირანის ქმედებას “უკანონო“ უწოდა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, თეირანის ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას და წარმოადგენს “ზედმეტ ესკალაციის მცდელობას “ იმ დროს, როდესაც დასავლეთი ცდილობს ჰორმუზის სრუტის ხელმეორედ დახურვა აირიდოს თავიდან.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმაც გააკეთა.

“ეს არ იყო ამერიკის ან ისრაელის გემები. ეს იყო ორი საერთაშორისო ხომალდი. ამერიკული მედიის საყურადღებოდ კი, რომელიც პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით, ამ ფაქტის გაზვიადებას ცდილობს გეტყვით: ეს გემები უბრალო სწრაფმავალმა კატარღებმა დააკავეს. ირანი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მრისხანე ფლოტის მფლობელიდან, მეკობრეების ხროვად იქცა,“ - განაცხადა მან მედიასთან საუბრისას

წყარო