ავტორი:

სამუშაოზე მიღებული სტრესის გამო, წელიწადში 840,000 ადამიანი კვდება - გაეროს ახალი ანგარიში

სამუშაოზე მიღებული სტრესის გამო, წელიწადში 840,000 ადამიანი კვდება - გაეროს ახალი ანგარიში

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, სამსახურში არსებული ისეთი ფსიქოსოციალური რისკ - ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად ხანგრძლივი სამუშაო საათები, სამსახურის დაკარგვის შიში, ბულინგი და შევიწროება - ქმნიან მავნე გარემოს, რომელიც ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს.

გაეროს სააგენტოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, ყოველწლიურად 840,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება იმ დაავადებებით, რომლებიც სამუშაო ადგილზე არსებულ ფსიქოსოციალურ რისკებთან არის დაკავშირებული.

  • ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და ფსიქიკურ აშლილობებთან, მათ შორის სუიციდთან ასოცირდება.

“ფსიქოსოციალური რისკები თანამედროვე სამყაროში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. სამუშაო გარემოს გაუმჯობესება არა მხოლოდ მუშაკთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი, არამედ პროდუქტიულობის გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს,“ - აცხადებს მანალ აზი, ILO-ს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის (OSH) პოლიტიკის გუნდის ხელმძღვანელი

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორები ყოველწლიურად ადამიანებში ინვალიდობის გამო დაკარგული მილიონობით შრომისუნარიანი წლების მიზეზი ხდება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ფსიქიკური აშლილობების ერთობლივი გავლენა, გლობალური მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 1.37%- იან დანაკარგს განაპირობებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დეპრესია და შფოთვა ყოველწლიურად დაახლოებით 12 მილიარდ დაკარგულ სამუშაო დღეს იწვევს.

  • რა არის ზიანის ძირითადი მიზეზები?

ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობებს შორის, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები, ე. წ. “სამუშაოზე გადაწვა“, ძილის დარღვევები და ქრონიკული დაღლილობა გვხვდება.

ფსიქიკურმა პრობლემებმა მავნე ჩვევების გზით შეიძლება ისეთი ფიზიკური პრობლემებიც გამოიწვიოს, როგორიცაა კვებითი რეჟიმის დარღვევა და ფიზიკური უმოძრაობა, რასაც საბოლოოდ ადამიანი ჰიპერტენზიამდე და სხვა ქრონიკულ დაავადებებამდე მიჰყავს.

ანგარიში ჯანმრთელობის გაუარესების მთავარ მიზეზებს ასახელებს, მათ შორის არის ხანგრძლივი სამუშაო საათები, ბულინგი, ძალადობა, შევიწროება, სამუშაო დატვირთვა და არასტაბილურობის განცდა. გაწეულ ძალისხმევასა და მიღებულ ჯილდოს შორის არსებული დისბალანსი.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ კვლევის თანახმად, მსოფლიოში დასაქმებულთა 35% კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს. ამასთან ანგარიშის მიხედვით კვირაში 55 საათზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობა 35%-ით ზრდის ინსულტის და 17%-ით გულის იშემიური დაავადებით გარდაცვალების რისკს.

გარდა ამისა, მომუშავეთა 23%-ს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობის ან შევიწროების რომელიმე ფორმა, მათ შორის ყველაზე გავრცელებული (18%) ფსიქოლოგიური ძალადობაა.

  • რა არის გამოსავალი?

ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და დისტანციური მუშაობა ძირეულად ცვლის ფსიქოსოციალურ სამუშაო გარემოს, ეს კი ორგანიზაციებისგან რისკების გამოვლენისა და პრევენციული ზომების განხორციელებისადმი ახალ მიდგომებს მოითხოვს.

ILO მოუწოდებს დამსაქმებლებს, ყურადღება გაამახვილონ:

  • სამუშაო დატვირთვის სწორ მართვაზე
  • როლების მკაფიო გადანაწილებასა და სამუშაო საათების კონტროლზე
  • დასაქმებულებისთვის მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობაზე
  • სამსახურში დაბრუნების სამართლიან პროცესებზე მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

წყარო