ავტორი:

ქეთა თოფურია და ცნობილი რუსები სტუმრად, არატრადიციული კაბა პატარძალს და სიძის "უხეშობა" შუა ცერემონიისას - მიხეილ ხუბუტიას მოსკოვური ქორწილის დეტალები

ქეთა თოფურია და ცნობილი რუსები სტუმრად, არატრადიციული კაბა პატარძალს და სიძის "უხეშობა" შუა ცერემონიისას - მიხეილ ხუბუტიას მოსკოვური ქორწილის დეტალები

მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა და ბიზნესმენმა, 59 წლის მიხეილ ხუბუტიამ, რომლის სახელიც ბოლო პერიოდში გახმაურებულ სისხლის სამართლის სკანდალს უკავშირდებოდა, ოფიციალურად იქორწინა თავისი უფროსი შვილების დედაზე, ეკატერინე ჯანაშიაზე. საქორწილო ცერემონია "Barviha Luxury Village"-ის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

30-წლიანი ურთიერთობა და "მეორედ" ქორწინება

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 30 წელზე მეტია ერთად არის, მათი ურთიერთობა დრამატულად ვითარდებოდა. ისინი 2024 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ, თუმცა ხუბუტიას ცხოვრებაში მომხდარმა კრიმინალურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

ქორწილში პატარძალმა ტრადიციულ კაბაზე უარი თქვა და არჩევანი ღია ფერის კლასიკურ შარვალ-კოსტიუმზე შეაჩერა. სტუმრებს შორის შენიშნეს შოუბიზნესის ვარსკვლავებიც, მათ შორის მომღერალი ქეთა თოფურია მეუღლესთან, ლევ დენგოვთან ერთად. მშობლებს ქორწინება მიულოცეს მათმა ვაჟებმა - 25 წლის ილიამ და 5 წლის დავითმა.

სკანდალი ნაჯახით და სასამართლო პროცესი

ხუბუტიასა და ჯანაშიას ხელახალ ქორწინებას წინ უძღოდა რეზონანსული სკანდალი, რომელმაც 2025 წელს მთელი მედია მოიცვა. ბიზნესმენის ყოფილმა საყვარელმა, ჩაის სახლის "Van Tea" მფლობელმა, 29 წლის იულია ვანმა, ხუბუტია მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

ვანის თქმით, ხუბუტია მის სახლში ნაჯახით შეიჭრა, მაშინ როცა მეზობელ ოთახში მათი საერთო მცირეწლოვანი ქალიშვილი ნიკოლი იმყოფებოდა. მან გოგონას სხეულზე ჭრილობები მიაყენა და თავში სცემდა. თავდაპირველად ბიზნესი ბრალდებებს "სისულელეს" უწოდებდა და აცხადებდა, რომ ვანთან მხოლოდ "ფინანსური თანამშრომლობა" აკავშირებდა. თუმცა, მოგვიანებით ხუბუტიამ დანაშაული სრულად აღიარა, აანაზღაურა მკურნალობის ხარჯები და სასამართლომ მას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

შენდობა პირდაპირ ეთერში

ხელისა და გულის თხოვნა ეკატერინე ჯანაშიასთვის ხუბუტიამ ანდრეი მალახოვის თოქ-შოუში გააკეთა. ბიზნესმენი ბოშათა ანსამბლის თანხლებით მუხლებზე დაეცა და ცოლს პატიება სთხოვა. ეკატერინემ, რომელმაც მომხდარს "საშინელი ღალატი" უწოდა, აღიარა, რომ ძალიან შეეცოდა მეუღლე და მისი პატიება გადაწყვიტა.

„მუხლებზე დაეცა, ტიროდა, სახეს მალავდა... ძალიან შემეცოდა. რა თქმა უნდა, ტკივილი დღემდე მრჩება და ალბათ დიდხანს გაჰყვება, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ“, - განაცხადა ეკატერინემ ტელეეთერში.

უცნაური ინციდენტი საქორწილო ტორტთან

მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ერთი უცნაური ეპიზოდიც მოხვდა. საქორწილო ტორტთან ცეკვის დროს, ხუბუტიამ მეუღლეს თავში ხელი წაავლო და უხეშად დახარა მაგიდისკენ, თითქოს მისი სახით კრემის ვარდებში ჩარგვას აპირებდა.

მიუხედავად ამისა, წყვილი ბედნიერებას ასხივებდა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ 9 თებერვალს გაფორმებული ქორწინება მათ ცხოვრებაში ახალი ფურცელია.

საქართველოში დაბადებული მიხეილ ხუბუტია 1999-2001 წლებში მოსკოვის ოლქის ვაჭრობის მინისტრი იყო. ის ფლობს მსხვილ ბიზნესს იარაღისა და დეველოპმენტის სფეროში, რის გამოც მას ხშირად "იარაღის ბარონს" უწოდებენ.