ავტორი:

"შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს მაისის დასაწყისშიც..." - გრძელვადიანი პროგნოზი: როდის გამოიდარებს და როგორი ამინდები გველოდება მაისის თვეში

"შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს მაისის დასაწყისშიც..." - გრძელვადიანი პროგნოზი: როდის გამოიდარებს და როგორი ამინდები გველოდება მაისის თვეში

ვინაიდან 24 აპრილსაც კი საქართველოში ტემპერატურის კლება, წვიმა და მთიან რაიონებში თოვლია, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ წელს აპრილი უჩვეულოდ ცივი და მკაცრია... თუ როგორია საქართველოში ამინდის უახლოესი და ხანგრძლივი პროგნოზი, ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გაგვაცნობს...

- რაც შეეხება პროგნოზს, თუ როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების მანძილზე, დღეს - 24 აპრილს ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით წვიმა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ხვალ ქვეყნის უმეტესს რაიონებში გამოიდარებს, კვირასაც უნალექო ამინდი იქნება. მომდევნო კვირაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში, უფრო მეტად საღამოს და ღამის საათებში შესაძლებელია, რომ მცირე წვიმა იყოს. კვირის დასაწყისში შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დაახლოებით 17-18 გრადუსის ფარგლებში.

კვირის მეორე ნახევრიდან, ხუთშაბათიდან ნელ-ნელა დაიწყება ტემპერატურის მატება და კვირის ბოლოს დაბლობსა და ბარში დაახლოებით 25-26 გრადუსამდე ავა. მთიან რაიონებშიც ანალოგიური ვითარებაა. ნალექის თვალსაზრისით, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა იყოს. ჰაერის ტემპერატურაც 15-16-17 გრადუსი და კვირის ბოლოსკენ 19-20 გრადუსამდე მოიმატებს. მაღალმთიან რაიონებში კვირის ბოლოსთვის 13-14 გრადუსამდე, ზოგან 15 გრადუსამდეც ავა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში დაახლოებით 18-19 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და მაღალმთიან რაიონებში დაახლოებით 9-13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

- წელს თოვლს ისევ უნდა ველოდოთ?

- მაისში თოვლი ნაკლებად სავარაუდოა. ნელ-ნელა მატულობს ტემპერატურა, კლიმატურადაც გაზაფხულის მეორე ნახევარი საკმაოდ თბილია. მაისის დასაწყისში, მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია იყოს თოვლ-ჭყაპი. მაისის პროგნოზის მიხედვით, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ნორმის და ნორმაზე დაბალი.

- ანუ მაისიც უხვი ნალექით იქნება მთაში გამორჩეული?

- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაისის თვეში ნალექი ნორმის ფარგლებში იქნება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არ არის გამორიცხული, რომ თვის დასაწყისში მაღალ მთაში ზოგან თოვლ-ჭყაპი იყოს.

- აპრილი უჩვეულოდ მკაცრი იყო?

- აპრილი საკმაოდ ცივი და ნალექიანი იყო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც ხშირი იყო ძლიერი წვიმები, აღმოსავლეთ საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველდღე წვიმდა, ძლიერი წვიმები არ იყო და ამ მხრივ შესახლება ვთქვათ, რომ ნალექი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნორმის ფარგლებში იყო. დასავლეთ საქართველოში ველოდებოდით უხვნალექიანობას და მართლაც ასე იყო აპრილის თვეში.

- მაისიც მკაცრი იქნება?

- მაისში ნორმის ფარგლებში იქნება ნალექი, ზოგადად მაისი კლიმატურად საკმაოდ ნალექიანია და რომ ვამბობთ ნალექი ნორმის ფარგლებში იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ წვიმიანი ამინდი საკმაოდ ხშირად იქნება. ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში საშუალოდ ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნორმის და ნორმასთან შედარებით ერთი გრადუსით დაბალი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა 17-20 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +16, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც ნორმის ფარგლებში და ერთი გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. მაისის მეორე ნახევრიდან და უფრო თვის ბოლოსკენ, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ შესაძლებელია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 29-32 გრადუსამდე მოიმატოს.