ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი, ბრაიტონი, საშინელი სისასტიკის ეპიცენტრად იქცა. სასამართლო პროცესმა ფარდა ახადა დანაშაულს, რომელმაც არა მხოლოდ სამი ადამიანის სისასტიკე არამედ ბრიტანეთის უსაფრთხოების სისტემის სრული კრახი აჩვენა.
დაუცველი სისტემა: მკვლელი სამვარსკვლავიან სასტუმროში
სკანდალის ეპიცენტრშია 20 წლის ეგვიპტელი კარინ ალ-დანასურთი. ყველაზე გამაოგნებელი ამ ისტორიაში ისაა, რომ ალ-დანასურთმა გაერთიანებულ სამეფოში ჩამოსვლისთანავე, თავშესაფრის მოთხოვნისას, პირდაპირ მიუთითა, რომ იგი ეგვიპტეში მკვლელობისთვის იყო მსჯავრდადებული.

მიუხედავად ამ აღიარებისა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (Home Office) იგი არა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, არამედ დასავლეთ სასექსის მყუდრო, სამვარსკვლავიან სასტუმროში, "Cisswood House"-ში განათავსა. იქ იგი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ცხოვრობდა თავის თანამზრახველებთან ერთად, სანამ "სანადიროდ" გავიდოდა.
საბედისწერო ღამე: წამება "გართობისთვის"
2025 წლის 4 ოქტომბრის გამთენიისას, სამი მამაკაცი - კარინ ალ-დანასურთი, ეგვიპტელი იბრაჰიმ ალშაფე და ირანელი აბდულა აჰმადი - ბრაიტონის სანაპიროზე "მტაცებლური ინსტინქტით" მოქმედებდა. მათ მსხვერპლად 33 წლის ქალი შეარჩიეს.
მათ მსხვერპლი სანაპიროს ქოხის მიღმა, იზოლირებულ ადგილას გადაათრიეს. სანამ ჯგუფურად აუპატიურებდნენ, ქალს ყელში ხელს უჭერდნენ, აფურთხებდნენ და წიხლებით სცემდნენ.

ალ-დანასურთი მომხდარს მობილური ტელეფონით იღებდა. პროკურორმა ჰანა ლიუელინ-უოტერსმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დამნაშავეებისთვის მსხვერპლი მხოლოდ "ხორცის ნაჭერი" იყო, ხოლო ვიდეოს სხვა მიგრანტებთან „სატრაბახოდ“ იყენებდნენ.
დანაშაულის შემდეგ, როდესაც მსხვერპლი დასახიჩრებული ელოდა სამედიცინო ექსპერტიზას, მოძალადეებმა სასტუმროსთან ბარბექიუ მოაწყვეს და მხიარულად აღნიშნეს "წარმატებული ღამე".
"ეს უბრალოდ სექსია" – სისასტიკის მწვერვალი
სასამართლო დარბაზში დამნაშავეების საქციელმა საზოგადოება კიდევ უფრო შოკში ჩააგდო. ისინი ბრალდებულის სკამზე ისხდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს ხუმრობებს უზიარებდნენ, სანამ მსხვერპლი თავისი ჯოჯოხეთური ღამის შესახებ ჩვენებას აძლევდა.
ალ-დანასურთმა სასამართლოზე პირდაპირ თქვა: "ჩემთვის გაუპატიურება უბრალოდ სექსია", რითაც დაადასტურა, რომ მას თანაგრძნობისა და მორალის ელემენტარული გაგებაც კი არ გააჩნდა. მეორე ბრალდებულმა, ალშაფემ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის სახეში გარტყმას ალერსი უწოდა.
პოლიტიკური ქარიშხალი და "საზღვრის ფარსი"
საქმემ უკვე გამოიწვია მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება. ჩრდილოვანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრის ფილპმა, ამ შემთხვევას "საზღვრის ფარსი" უწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოდიან ადამიანები, რომელთა წარსულზეც სახელმწიფოს კონტროლი არ აქვს.
"ჩვენ ვხედავთ ტერორისტებს, ექსტრემისტებს, მოძალადეებს და ახლა უკვე მკვლელებს, რომლებიც ქვეყანაში მცირე ნავებით შემოდიან. ბრიტანელი ქალები და გოგონები ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან," - განაცხადა ფილიპმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე დამნაშავეს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი უკვე ეთქვა, მათი დეპორტაცია იურიდიული ბიუროკრატიის გამო ჭიანურდება. ხელისუფლება პირობას დებს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ (რომელიც 15 ივლისს იგეგმება), მათ დაუყოვნებლივ გააძევებენ ქვეყნიდან, თუმცა საზოგადოება კითხულობს - რატომ არ მოხდა ეს მანამ, სანამ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება განადგურდებოდა?
მსხვერპლის თქმით, მომხდარის შემდეგ ის ვეღარ იძინებს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ხუჭავს, ხედავს მოძალადეების მოღიმარ სახეებს, რომლებიც მისი ტანჯვით ერთობოდნენ.