აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ-მა ირანში გადამწყვეტ სამხედრო შედეგს სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მიაღწია.
“საბოლოო ჯამში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანს აქვს შანსი, “კარგი, გონივრული გარიგება დადოს“.
მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები ბლოკადას “ყოყმანისა და ბოდიშის მოხდის გარეშე“ ახორციელებენ.
“ეს მოიცავს ყველა გემს, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ირანულ გემებს, ან ირანის პორტებში მიმავალ და იქიდან მომავალ გემებს“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, დღეს დილის მონაცემებით, სულ ოცდათოთხმეტი გემი გააბრუნეს.
ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ კვირაში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ირანის ფლოტის ორი გემი დააკავა და დასძინა: “კიდევ ბევრს დავაკავებთ“.
ამასთან, აშშ-ის ომის მინისტრის თქმით, ჰორმუზის სრუტე ევროპას უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე შეერთებულ შტატებს.
“ჩვენ ევროპას არ ვეყრდნობით, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ. ეს ბევრად უფრო მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.