დღეს თბილისის "დინამომ" პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივრებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია წარუდგინა.
ქეცბაიასა და "დინამოს" შორის ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტები სოსო ჭედია და გელა ინალიშვილი იქნებიან.
ქეცბაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ კაკაშვილი შეცვალა, რომელმაც გუშინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვა.
თბილისის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კლუბში დაბრუნება დიდი პასუხისმგებლობაა და მთავარი მიზანი გუნდის კრიზისიდან გამოყვანაა.
მთავარი გზავნილები:
"დინამოში პრობლემების აღმოსაფხვრელად მოვედი. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშია გუნდი და რა ისტორია აქვს ამ კლუბს. აქ გატარებული წლები ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მინდა, რომ გუნდმა ისევ დაიბრუნოს ის ადგილი, რომელსაც იმსახურებს".
ქეცბაიამ აღნიშნა, რომ გუნდს სჭირდება სერიოზული მუშაობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. მისი თქმით, ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რა მაისური აცვიათ.
"მადლობა ნდობისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვიმუშავო იმ გუნდში, სადაც დიდი ხანი ვითამაშე და ახლა, წლების შემდეგ, მწვრთნელად დავბრუნდი. ეს დიდი საქმეა, "დინამო" პირველი ნომერი გუნდია საქართველოში და უნდა გავაკეთით ის, რაც ამ გუნდს ეკადრება..." - თქვა მან.
"საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ყველას ეგონა, რომ ქართული ფეხბურთი კარგ მდგომარეობაში იქნებოდა. სამწუხაროდ, იმის შემდეგ ევროტურნირებზე ვერაფერს მივაღწიეთ. აქ არავინ ჩერდება, რადგან სასურველი დონე არ არის და ეკონომიკურადაც არ არის საშუალება, მოთამაშეებში დიდი ფული გადაიხადონ.
კარგია, რომ ძლიერ გუნდებში წავიდნენ, მაგრამ ყველა კარგ გუნდში ვერ მიდის. არასახარბიელო ვითარებაა და ძნელია, კარგი გუნდი გააკეთო. იმედია, შეიცვლება სიტუაცია, რადგან ეს ნაკრებისთვისაც კარგი იქნება. იქ დღეს ეროვნული ლიგის ფეხბურთელი არ თამაშობს...
თუ მაყურებელი არ დადის სტადიონზე და ტელევიზიები არ იხდიან ტრანსლაციის ფულს, შემოსავლები საიდან იქნება? სამწუხაროა, რომ ჩვენს მოედნებზე ის ფეხბურთი არ არის, რომელსაც ტელევიზორში ვხედავთ. შეიძლება, სხვაგან უარესი ჩემპიონატია, მაგრამ ხალხი მაინც დადის. ანუ სანამ ჩვენს ჩემპიონატს გავაკრიტიკებთ, ჯერ სტადიონზე უნდა მივიდეთ..."
"დინამოში" პირველად რომ მოვედი, სხვა რეალობაში ვცხოვრობდით და ამ გუნდში მოხვედრა იყო ყველას ოცნება. მაშინ 18 წლის ბიჭი ვიყავი, ნატვრა ავისრულე და გავიზარდე, მომეცა საშუალება, ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია...
მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მქონდა სურვილი, რომ "დინამო" ამ მდგომარეობიდან გამომეყვანა. "დინამო" ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, რადგან ევროპის თასი აქვს მოგებული და აქ უდიდეს ფეხბურთელებს უთამაშიათ.
თბილისი ულამაზესი ქალაქია და მასაც სჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც ასახელებს. კრიტიკა კარგია, მაგრამ "დინამოს" თანადგომაც სჭირდება. ამიტომ, მოვუწოდებ ხალხს, მოვიდნენ სტადიონზე და დაუდგნენ გუნდს გვერდში.
"თორნიკე კვარაცხელიას თამაში ნაადრევია თუ არა? არ არის ნაადრევი ამ ასაკის მოთამაშის მოყვანა. ამაზე გვქონდა ლაპარაკი... ჯერ ყველა თემას ვერ შევეხეთ, მაგრამ შეიძლება, რომ ძირითად გუნდში ივარჯიშოს. სალიაც პატარა იყო და ამხელა დონის გუნდში, "ნიუკასლში" გადავიდა. ჩვენი მხრიდან დაინტერესება დიდია. უცხოელების მხრიდანაც დიდი ინტერესია, რომ გაიცნონ ქართული ფეხბურთი.
ვისი დამატება გვსურს? არ აქვს მნიშვნელობა, უცხოელი იქნება თუ ქართველი. მთავარია კარგი ფეხბურთელები იყვნენ. მათ შორის გამოცდილი ქართველები, ვინც ჩამოსვლას ისურვებს".