75 წლის ამერიკელი მილიონერი, რომელიც ეგზოტიკურ ცხოველებზე ნადირობით იყო გატაცებული, ცენტრალურ აფრიკაში ანტილოპაზე ნადირობის დროს ხუთმა სპილომ სასიკვდილოდ გათელა.
კალიფორნიელი მეღვინე, ერნი დოსიო, რომელიც საკუთარ სახლში ეგზოტიკური ცხოველების თავების უზარმაზარ კოლექციას ფლობდა, თავადაც სპილოების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა გაბონის უღრან ტყეში მოხდა, სადაც დოსიო პროფესიონალ მონადირესთან ერთად 40 000 დოლარის ღირებულების სანადირო ტურში იმყოფებოდა და “ყვითელზურგა დუიკერის“ (ტყის ანტილოპის სახეობა) მონადირებას ცდილობდა.

ათწლეულების განმავლობაში დოსიო სპილოზე, ლეოპარდზე, მარტორქაზე, კამეჩსა და ლომზე თითქმის მთელ აფრიკაში ნადირობდა, თავად აშშ-ში კი თითქმის ყველა სახეობის ირემი ჰყავდა მოკლული, თუმცა, გამოცდილ მონადირეს იღბალმა გასულ პარასკევს უმტყუნა, როდესაც ის და მისი გამცილებელი შემთხვევით ხუთ მდედრ სპილოს გადააწყდნენ, რომლებსაც თან ნაშიერები ახლდნენ.


აფრიკული სპილო ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარად მიიჩნევა. მდედრი სპილოს სიმაღლე მხრებში 3.6 მეტრს აღწევს, თითქმის ოთხ ტონას იწონის და 40 კმ/სთ სიჩქარით სირბილი შეუძლია.
შეშინებული სპილოების ჯოგი მონადირეებს მყისიერად დაესხა თავს. გაუვალ ტყეში ცხოველები ისე კარგად იყვნენ შენიღბულნი, რომ თითქოს “არსაიდან გაჩნდნენ“. სპილოებმა პროფესიონალი მონადირე, რომელიც მძლავრი შაშხანით იყო შეიარაღებული, გვერდზე მოისროლეს, რის შედეგადაც მან იარაღი დაკარგა და მძიმედ დაშავდა. ერნი დოსიო კი, რომელსაც ხელში მხოლოდ საფანტის თოფი ეჭირა, სასტიკად გათელეს.


მეგობრები და კოლეგები დოსიოს როგორც “ნამდვილ ჯენტლმენს და ქველმოქმედს" ისე ახასიათებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიდ ცხოველებზე ნადირობას გმობს, მისი ახლობლების მტკიცებით, ერნის ყველა ნადირობა ლეგალური იყო და ცხოველთა პოპულაციის კონტროლს ემსახურებოდა.
გაბონს ხშირად “აფრიკის ბუნების ხელუხლებელი ოაზისს“ უწოდებენ. ქვეყნის ტერიტორიის 88% ტყით არის დაფარული და აქ მსოფლიოში შემორჩენილი ტყეში მობინადრე სპილოების 60% ( დაახლოებით 50 000 ცხოველი ) ბინადრობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბედისწერო ტურის დროს, რომელიც მონადირის დაღუპვით დამთავრდა დოსიო “ყვითელზურგიან დუიკერის“, 1815 წელს აღმოჩენილი უკიდურესად ფრთხილი ტყის ანტილოპის მონადირებას ცდილობდა.