ჟურნალ “Nature Ecology and Evolution“ - ში გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის თანახმად, თუ მსოფლიოში ტემპერატურის მატება ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდა, 2085 წლისთვის ხმელეთზე მობინადრე ცხოველთა მესამედზე მეტი ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების (ხანძრების, წყალდიდობების..) მავნე ზემოქმედების ქვეშ მოექცევა, რამაც შესაძლოა მათი გადაშენების პროცესები მკვეთრად დააჩქაროს.

"ვფიქრობ, კონსერვაციის დაგეგმვისას კლიმატის ცვლილება და განსაკუთრებით ექსტრემალური მოვლენები, ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შეფასებული, ეს უბრალოდ მრავალი წლის განმავლობაში ტემპერატურის თანდათანობითი ცვლილება არ იქნება" - აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, პოტსდამის კლიმატის გავლენის კვლევის ინსტიტუტის (PIK) მკვლევარი შტეფანი ჰაინიკე
მასშტაბური კვლევა და პროგნოზები
გლობალურ ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასების მიზნით, 18 საერთაშორისო მკვლევრისგან შემდგარ გუნდთან ერთად ჰაინიკემ მაშტაბური კვლევა ჩაატარა.
"აპოკალიფტურა მეტეოროლოგებმა“ დეტალურად შეისწავლეს სახეობათა გავრცელების არეალები და მათ კლიმატური მოდელები მიუსადაგეს, რათა მსოფლიო ეკოსისტემებზე გვალვების, სიცხის ტალღების, წყალდიდობებისა და ხანძრების გავლენა ეწინასწარმეტყველათ.
კვლევამ რეკორდული რაოდენობის მონაცემები, 33,936 ხმელეთის ხერხემლიანთა სახეობა და 794 ეკორეგიონი მოიცვა. შედეგები არასახარბიელოა.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დათბობის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2050 წლისთვის : სიცხის ტალღებისგან ცხოველთა ჰაბიტატის 74% დაზარალდება, 16% ტყის ხანძრებისგან, 8% გვალვებისგან, 3% მდინარეების ადიდებისგან.

ეს “ბიბლიური მასშტაბის“ მოვლენები ამაზონის აუზის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიოსფეროებს დააზიანებს და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია: მოდელირების მიხედვით, 60 წელზე ნაკლებ დროში, ამ დამანგრეველი მოვლენების ზეგავლენის ქვეშ მთელ მსოფლიოში სახეობების გავრცელების არეალის 36% აღმოჩნდება.

2019-2020 წლებში, სიცხის ტალღამ ავსტრალიაში 72,000-ზე მეტი მფრინავი მელა (Flying Fox) იმსხვერპლა.
სამხრეთ ამერიკაში, პანტანალის ჭაობებში (მსოფლიოს უდიდესი ჭაობი), ხანძრებს 17 მილიონამდე ხერხემლიანი შეეწირა.
ზიანი კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც კატასტროფები ერთმანეთს მიჰყვება. ავსტრალიის ხანძრების შემდეგ, იმ რეგიონებში, სადაც მანამდე გვალვა იყო, ფაუნისა და ფლორის შემცირების მაჩვენებელი 27-40%-ით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა რეგიონში.
თუმცა, იმედი ჯერ კიდევ არსებობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ "ეკოლოგიური არმაგედონის" თავიდან აცილება ემისიების ნულამდე შემცირებით არის შესაძლებელი, თუ დათბობის ტენდენცია საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვლება, 2085 წლისთვის კატასტროფების ერთობლიობა ჰაბიტატების მხოლოდ 9% ზე მოახდენს გავლენას.